პარიზში ცნობილი მუზეუმი გაქურდეს, საიდანაც 600 000 ევროს ღირებულების ოქროს ნივთები გაიტანეს

მუზეუმი

ქურდებმა პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან 600 ათასი ევროს ღირებულების ოქროს ნიმუშები მოიპარეს

ეს ძარცვა სულაც არ არის პირველი ინციდენტი ბოლო პერიოდში საფრანგეთის მუზეუმებში. მედიის ცნობით, საფრანგეთში კულტურული ფასეულობების ქურდობა გახშირდა, — წერს ვებგვერდი AN.

ეროვნული ბუნების ისტორიის მუზეუმი მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქის მეხუთე ოლქში. ის ცნობილია დინოზავრების ჩონჩხებითა და ტაქსიდერმიის ნიმუშებით, ასევე მოიცავს გეოლოგიისა და მინერალოგიის გალერეას.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ბოროტმოქმედები მუზეუმში შეიჭრნენ, მათ მუზეუმის ეროვნული კოლექციიდან რამდენიმე ნატურალური ოქროს ნიმუში გაიტანეს.

მოპარული ნიმუშების დაახლოებით ფასი 600 ათას ევროა. თუმცა მათი ეროვნული მემკვიდრეობისთვის ღირებულება შეუფასებელია. პოლიციის ანონიმურმა წყარომ გაზეთ Parisien-ს განუცხადა, რომ მუზეუმის სიგნალიზაციისა და დაკვირვების სისტემები ივლისში კიბერთავდასხმის შედეგად გაუმართავი გახდა, თუმცა უცნობია, მუშაობდნენ თუ არა ისინი ძარცვის დროს.

„ჩვენ საქმე გვაქვს უკიდურესად პროფესიონალურ გუნდთან, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად უნდა შესულიყო და ჰქონდა სპეციალური აღჭურვილობა. ეს შემთხვევითი არაა, რომ მათ სწორედ ეს საგნები აირჩიეს,“ — განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ემანუელ სკულიოსმა ტელეკომპანია BFM-თან.