ნახეთ, „შნობელის პრემიის“ კონკურსანტების უცნაური „აღმოჩენები“

შნობელი

ბოსტონის უნივერსიტეტში „შნობელის პრემიის“ (Ig Nobel Prize) საიუბილეო 35-ე ცერემონია გაიმართა. ნობელის პრემიის დაჯილდოების ამ პაროდიულ ცერემონიაზე, „მეცნიერებს" პრიზს უცნაური მიღწევებისთვის გადასცემენ.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ:

მშვიდობის პრემია მიენიჭა გერმანელ, ნიდერლანდელ და ბრიტანელ სპეციალისტებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ არაყი უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარებს აუმჯობესებს.

ქიმიის დარგში ჯილდო ამერიკელ მეცნიერებს გადაეცათ, რომლებმაც ჭარბ წონასთან ბრძოლის ახალი მეთოდი მოიფიქრეს: კალორიების მოხმარების შემცირება ტეფლონით კვების ხარჯზე. მათ მწარმოებლებს პროდუქციაში პოლიტეტრაფტორეტილენის ფხვნილის დამატება შესთავაზეს, იმ იმედით რომ ის ადამიანებს დაანაყრებს და ორგანიზმიდან შეუმჩნევლად გავა.

ფიზიკის დარგში გამარჯვებულებად დასახელდნენ მეცნიერები, რომლებიც პასტის სოუსის თვისებებს იკვლევდნენ.

პედიატრიის დარგში ჯილდო გადაეცათ სპეციალისტებს, რომლებიც ქალის რძის გემოზე დიეტის გავლენას სწავლობდნენ: გაირკვა, რომ ჩვილები უფრო დიდხანს წოვენ ძუძუს, თუ დედები ნიორს ჭამდნენ.

ინდოელმა მეცნიერებმა ჯილდო ინჟინერიის დარგში მიიღეს: ისინი იკვლევდნენ თუ რა გავლენა აქვს ფეხსაცმლის სუნს ფეხსაცმლის თაროების გამოყენების გამოცდილებაზე ინჟინრული დიზაინის თვალსაზრისით. კვლევის მსვლელობისას მათ შექმნეს თარო, რომელიც ოფლიანი ფეხსაცმლის სუნს აქრობს.

ბიოლოგიის დარგში ჯილდო იაპონელმა სპეციალისტებმა მიიღეს, რომლებმაც ძროხები ზებრებად გადაღებეს. მათ გაარკვიეს, რომ შეღებილ ძროხებს ბუზები თითქმის ორჯერ ნაკლებად კბენდნენ, ვიდრე ჩვეულებრივებს.

ფსიქოლოგიის დარგში ჯილდო პოლონელ და ავსტრალიელ მეცნიერებს გადაეცათ, რომლებმაც დაადგინეს, რომ ვიღაცის IQ-ს შექება ადამიანის თვითშეფასებისა და საკუთარი უნიკალურობის განცდას ზრდის, IQ -ს ნეგატიური შეფასება კი ამ მონაცემებს ამცირებს.

ლიტერატურის დარგში ჯილდო აიოვის უნივერსიტეტის გარდაცვლილ დოქტორს, უილიამ ბინს გადაეცა. 35 წლის განმავლობაში ის სტატიების სერიებში საკუთარ ხელებსა და ფეხებზე ფრჩხილების ზრდის სიჩქარეს აღწერდა.

ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასულ ლაურეატებს დარბაზიდან ტრადიციულად ქაღალდის თვითმფრინავებს ესროდნენ.