1750577424
მშვიდობა მოდის ძალის შედეგად. ჯერ მოდის ძალა, შემდეგ – მშვიდობა - ნეთანიაჰუ

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას დილით საქვეყნოდ შეაქო აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები და მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ძალის მეშვეობით მიღწეული მშვიდობისთვის“.- წერს ისრაელის მედია.
„პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ხშირად ვამბობთ – მშვიდობა მოდის ძალის შედეგად. ჯერ მოდის ძალა, შემდეგ – მშვიდობა. ამაღამ, პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა იმოქმედეს უდიდესი ძალით,“ — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერმა აშშ-ის დარტყმებს უწოდა „შეუდარებელი“ და დაამატა, რომ ტრამპის ლიდერობამ „ისტორიული გარდატეხა“ მოახდინა, რაც შეიძლება გამოადგეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს — კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.
„პრეზიდენტო ტრამპ, გმადლობთ. ისრაელის ხალხი გიხდით მადლობას. ცივილიზაციის ძალები გიხდით მადლობას,“ — დასძინა მან.
ტრამპმა კვირას დილით გამოაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ირანის ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვული ობიექტები. მისი თქმით, ამ იერიშების მიზანი იყო მხოლოდ ირანის ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერება. მან დაამატა: „ახლა დადგა დრო მშვიდობისთვის.“