მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის - იტალიაში, ახალი წესები ამოქმედდა

Permesso

2026 წლის 22 მაისიდან იტალიაში ძალაში შევიდა „Permesso Unico di Lavoro“-სთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის გაცემის პროცედურას ეხება - ამის შესახევ ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე წერს. 

„ცვლილებები მიღებულია ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე და მიზნად ისახავს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, ვადების უფრო მკაფიო განსაზღვრას და უცხოელი დასაქმებულების უფლებების გაძლიერებას.

🔹 რა არის „Permesso Unico di Lavoro“?

„Permesso Unico di Lavoro“ წარმოადგენს ერთიან ბინადრობისა და მუშაობის ნებართვას, რომელიც უცხოელს აძლევს უფლებას:

• იტალიაში კანონიერად იცხოვროს
• და ოფიციალურად იმუშაოს

სწორედ ამიტომ დოკუმენტს „ერთიანი“ ეწოდება — ის ერთდროულად აერთიანებს როგორც ბინადრობის, ისე დასაქმების უფლებას.

ახალი ელექტრონული დოკუმენტი ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად გაიცემა და მასზე პირდაპირ იქნება აღნიშნული:

“perm. unico lavoro”

ასევე დოკუმენტში დამატებით აისახება ინფორმაცია:
• სამუშაო პირობების შესახებ
• დასაქმებულის უფლებებზე
• სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შესახებ
• ოჯახის წევრების გარკვეულ უფლებებზე

🔹 როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

„Permesso Unico di Lavoro“-ს მიღება დაკავშირებულია ოფიციალურ სამუშაო პროცესთან.

პროცედურა, როგორც წესი, იწყება უცხო ქვეყნის მოქალაქის იტალიაში შემოსვლამდე. ამისთვის აუცილებელია:
• სამუშაო საფუძველი
• შესაბამისი ავტორიზაცია
• და სამუშაო ვიზა

იტალიაში ჩასვლის შემდეგ უცხოელი Questura-ში მიმართავს ბინადრობის ნებართვის გასაფორმებლად.

🔹 რა შეიცვალა 2026 წლიდან?

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვადებს ეხება.

ახალი წესებით Questura ვალდებულია „Permesso Unico di Lavoro“ გასცეს განაცხადის სრულყოფილად დასრულებიდან 30 დღეში.

მანამდე ეს ვადა 60 დღე იყო.

რეფორმის მიზანია:
• ლოდინის პერიოდის შემცირება
• ბიუროკრატიული გაურკვევლობის შემცირება
• და პროცედურების უფრო პროგნოზირებადი გახდომა

🔹 ვის ეხება ეს პერმესო?

„Permesso Unico di Lavoro“ ეხება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში სამუშაოს საფუძველზე იმყოფებიან ან უნდა დასაქმდნენ.

თუმცა, ყველა ბინადრობის ნებართვა ამ კატეგორიაში არ შედის.

ახალი რეგულაცია არ ვრცელდება, მაგალითად:
• სტუდენტურ პერმესოზე
• თვითდასაქმებულებზე
• digital nomad-ებზე
• protezione speciale-ის მფლობელებზე
• ჰუმანიტარული და სპეციალური დაცვის გარკვეულ ფორმებზე
• სამედიცინო ან რელიგიური საფუძვლით გაცემულ პერმესოებზე

🔹 მეტი პასუხისმგებლობა დამსაქმებლებისთვის

ახალი წესებით დამსაქმებელი ვალდებულია უცხოელ დასაქმებულს სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციული პროცესის შესახებ, მათ შორის შესაძლო უარის შემთხვევაშიც.

ეს ცვლილება მიზნად ისახავს, რომ უცხოელი დასაქმებული ინფორმაციის გარეშე არ დარჩეს და უკეთ იყოს დაცული ადმინისტრაციული პროცესების დროს.

„Permesso Unico di Lavoro“ ევროკავშირის მასშტაბით შექმნილი სისტემის ნაწილია, რომლის მიზანიც შრომითი მიგრაციის უფრო მოწესრიგებული, გამჭვირვალე და სამართლებრივად დაცული მოდელის ჩამოყალიბებაა“, - წერს ხათუნა შარაძე.