მარკ კარნი: აშშ-ის ტარიფების გამო კანადის ეკონომიკის სექტორები მძიმედ დაზარლდება, ვიმუშავებთ სამუშაო ადგილების დასაცავად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის

მარკ კარნი

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

მარკ კარნის თქმით, აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (USMCA) არსებობა „ნიშნავს, რომ კანადურ საქონელზე აშშ-ის საშუალო ტარიფი რჩება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ყველა სავაჭრო პარტნიორთან შედარებით“.

აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ შეადგინა და 2020 წელს შევიდა ძალაში, ჩრდილოეთ ამერიკაში დამზადებული საქონლის ფართო სპექტრს უფლებას აძლევს, მიიღოს უტარიფო რეჟიმი.

კანადის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კანადური ენერგო-ექსპორტის 100% და ყველა სხვა საქონლის 95% შეესაბამება შეთანხმების მოთხოვნებს.

„ჩვენი ეკონომიკის სხვა სექტორები, მათ შორის, ხე-ტყე, ფოლადი, ალუმინი და ავტომობილები, მძიმედ დაზარალდება აშშ-ის გადასახადებით და ტარიფებით. ასეთი სექტორებისთვის კანადის მთავრობა იმოქმედებს კანადური სამუშაო ადგილების დასაცავად, ჩვენი ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, კანადური პროდუქციის შესაძენად და ჩვენი ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციისთვის“, – განაცხადა მარკ კარნიმ.