კატარის პრემიერ-მინისტრი - ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმით მძევლების გათავისუფლების ყოველგვარი იმედი მოკლა

მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტან

ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმით მძევლების გათავისუფლების ყოველგვარი იმედი მოკლა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა  მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანმა განაცხადა.

კატარის პრემიერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლოდროინდელი ქმედებების გამო გააკრიტიკა.

„ვფიქრობ ის, რაც ნეთანიაჰუმ გააკეთა, მძევლების გაწირვა და მათთვის ყოველგვარი იმედის გადაწურვაა. თავდასხმის დღეს ერთ-ერთი მძევლის ოჯახს ვხვდებოდი. მათ შუამავლების გარდა, სხვა იმედი არ აქვთ“, – განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანმა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს ისრაელმა კატარში იერიში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა. დაჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმას ექვსი ადამიანი, მათ შორის ორგანიზაციის 5 წევრი ემსხვერპლა.

კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.