ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე დარტყმა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას - ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო უწყება

ირანი გმობს ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე დარტყმას. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის ქმედება წარმოადგენს „საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“ და „კატარის ეროვნული სუვერენიტეტისა და პალესტინელი მომლაპარაკებლების ხელყოფას“.

როგორც ესმაილ ბაღაიმ აღნიშნა, ეს უნდა გახდეს „სერიოზული გაფრთხილება რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის“.

ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.

ცნობისთვის, კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.