1777837238
ირანის ახალი წინადადება მიუღებელია - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ირანის უახლესი წინადადება შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპორაციის (KAN) ჟურნალისტ ნათან გუტმანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
„ირანის ახალი წინადადება მიუღებელია. ჩემთვის ეს მიუღებელია. მე შევისწავლე ის, ყველაფერი შევისწავლე – ის მიუღებელია“, – ციტირებს ჟურნალისტი დონალდ ტრამპის სიტყვებს.
მანამდე ოფიციალურმა თეირანმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-მა ირანს 14-პუნქტიან წინადადებაზე პაკისტანის გავლით გადასცა პასუხი და თეირანი ამჟამად პასუხს განიხილავს.
მანამდე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ ირანის მიერ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით, პირობებს შორისაა: გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს, ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან, ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის „ახალი მექანიზმის“ შემოღება, ლიბანში ისრაელ-„ჰეზბოლას“ კონფლიქტის დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება, ომის 30 დღეში დასრულება – აშშ-ის მიერ შეთავაზებული ორთვიანი ზავის ნაცვლად, ასევე, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ.











