დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დეკემბერში კვების ახალ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დეკემბერში კვების ახალ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში ჭარბი წონის მაჩვენებლის შემცირებას ისახავს მიზნად.

ტრამპის თქმით, ქვეყანაში წონის დაკლების პრეპარატების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება, რათა მოქალაქეებისთვის ის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ფარმაცევტულ კომპანიებთან, Novo Nordisk-თან და Eli Lilly-თან შეთანხმებას მიაღწია, რათა პრეპარატ GLP-1-ზე ფასი შეამცირონ, რომლის 1 თვის მარაგიც 149 დოლარი ეღირება.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის აშშ-ის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის, Medicare-ის და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი Medicaid-ის პროგრამის მეშვეობით მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

„ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ რეკომენდაციებს, რომლებიც შეცვლის ამ ქვეყანაში კვების კულტურას. GLP-1 წონის დაკლების პრეპარატები გაიყიდება არაუმეტეს 149 დოლარისა თვეში. ეს უზარმაზარია სხვაობაა, თვეში 1300-დან 149 დოლარამდე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ახალი ვერსიები ძალიან მოკლე დროში გამოვა. ყველა ეს პრეპარატი პირდაპირ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება TrumpRX.gov-ზე. მათ სურდათ ჩემი სახელის, ტრამპის, გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Medicare და Medicaid საბოლოოდ დაფარავენ ამ წონის დაკლების პრეპარატების ხარჯებს მილიონობით პაციენტისთვის, რომლებიც სიმსუქნით იტანჯებიან. Medicare-ის პაციენტებისთვის გადასახადი მხოლოდ 50 დოლარი იქნება. ეს უზარმაზარი დანაზოგია. ახლა თქვენ საუბრობთ 1300 დოლარიდან 50 დოლარამდე ფასზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.