დონალდ ტრამპი - გაკვირვებული ვარ, რომ ჯო ბაიდენის დიაგნოზის შესახებ საზოგადოებას დიდი ხნის წინ არ ეცნობა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გაკვირვებულია, რომ ჯო ბაიდენის დიაგნოზი უფრო ადრე არ გახმაურდა.

ჟურნალისტის კითხვას, როგორ გამოეხმაურებოდა ჯო ბაიდენის დიაგნოზს და აპირებდა თუ არა მასთან დარეკვას, ტრამპმა უპასუხა:

„ვფიქრობ, ეს მართლაც სამწუხაროა. გაკვირვებული ვარ, რომ ამის შესახებ საზოგადოებას დიდი ხნის წინ არ ეცნობა, რადგან მეცხრე სტადიამდე მისვლას დიდი დრო სჭირდება. მე ახლახან ჩავიტარე სამედიცინო შემოწმება, თქვენ ნახეთ ეს. თქვენ ნახეთ ამ კონკრეტული ტესტის შედეგები. ვფიქრობ, ეს ტესტი სტანდარტულია, პრაქტიკულად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც კარგ სამედიცინო შემოწმებას იტარებს. ამ მდგომარეობამდე მისვლას დიდი დრო სჭირდება. თუ დააკვირდებით, ეს იგივე ექიმია, რომელმაც თქვა, რომ ჯო კარგად იყო. ხდება რაღაცები, რის შესახებაც საზოგადოება არ იყო ინფორმირებული და, ვფიქრობ, ვიღაც უნდა ესაუბროს მის ექიმს, თუ ეს ერთი და იგივე ან თუნდაც ორი სხვადასხვა ექიმია. რატომ არ განიხილებოდა მისი კოგნიტიური უნარები? ექიმმა თქვა, რომ ის კარგად არის და გამოჩნდა, რომ არ არის ასე. ეს ძალიან სახიფათოა. შეხედეთ, ეს სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. შეხედეთ, რა მდგომარეობაში ვართ. თქვენ საუბრობთ ყველა ამ საკითხზე, მაგალითად, უკრაინასა და რუსეთზე. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მეორე საკითხია, რატომ დასჭირდა ამას ასე დიდი დრო? ანუ, როდესაც ამ საფრთხის დონემდე მისვლას დიდი დრო, წლები შეიძლება დასჭირდეს. ეს ძალიან, ძალიან სამწუხარო სიტუაციაა და ამის გამო ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, ხალხმა უნდა სცადოს, გაარკვიოს რა მოხდა. ეს დიდი, დიდი პრობლემაა“.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ოფისში განაცხადეს, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.