დანია განიხილავს ბირთვული ენერგიის გამომუშავებაზე 40-წლიანი აკრძალვის მოხსნას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად

დანია

დანია განიხილავს ბირთვული ენერგიის გამომუშავებაზე 40-წლიანი აკრძალვის მოხსნას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ დანიის ენერგეტიკის მინისტრმა, ლარს აგაარდმა განაცხადა.

მისი თქმით, დანიის მთავრობა გაანალიზებს ბირთვული ენერგეტიკის ახალი ტექნოლოგიების პოტენციურ სარგებელს და წარადგენს ანგარიშს სავარაუდოდ მომავალ წელს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ბირთვული ენერგეტიკის ახალი ტექნოლოგიების განვითარება – მცირე, მოდულარული რეაქტორების, თუმცა საკმარისი არ არის იმის ცოდნა, რომ მათ აქვთ პოტენციალი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს დანიის საზოგადოებისთვის, თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიებს დავნერგავთ“, – განაცხადა მინისტრმა დანიურ გამოცემა Politiken-თან ინტერვიუში.

მინისტრმა ასევე უარყო დანიაში ტრადიციული ბირთვული ენერგეტიკული ტექნოლოგიების დაბრუნების შესაძლებლობა. დანიაში ბირთვული ენერგიის გამომუშავება 1985 წელს აიკრძალა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომელსაც დანიაში მრავალი წლის განმავლობაში ვატარებთ. მზე და ქარი არის ყველაზე იაფი და სწრაფი გზა მწვანე ენერგეტიკაზე გადასასვლელად“, – თქვა ლარს აგაარდმა.