"3 წლის ბავშვი სასტუმროს ოთახიდან გაუჩინარდა..." - ბურუსით მოცულ საქმის ახალი დეტალები
1750418220
"ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თავდასხმა გაეროს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, კიდევ ერთხელ ავლენს შეერთებული შტატების მტრულ დამოკიდებულებას მშვიდობის მაძიებელი ირანელი ხალხის მიმართ, რომელიც არასდროს წავა კომპრომისზე საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე," - ეს განცხადება ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ საერთაშორისო მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მათ მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯი გადადგეს და, მისივე თქმით, სწორედ ამ დროს დაბომბეს თეირანი. აბას არაღჩის თქმით, "აგრესიაზე პასუხი იქნება აგრესია".
"ირანის ისლამური რესპუბლიკა აგრძელებს ირანის ტერიტორიის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხალხის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აგრესიისგან, არამედ ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც. შტატებმა არა მხოლოდ ირანს უღალატა დიპლომატიისადმი ჩვენი ერთგულების ბოროტად გამოყენებით, არამედ საკუთარი ამომრჩევლებიც მოატყუა. ჩვენ დიპლომატიას კარი ერთხელ გავუღეთ, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დაბომბეს თეირანი. მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოველთვის რჩება, თუმცა აგრესიაზე პასუხი იქნება აგრესია!
ასეთი აშკარა თავდასხმის შემდეგ, დუმილი მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხისა და ქაოსის ზღვარზე მიჰყავს. ირანის ისლამური რესპუბლიკა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, მოიწვიოს საგანგებო სხდომა, რათა ცალსახად დაგმოს შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულებრივი აქტი და პასუხისგებაში მისცეს ვაშინგტონის ადმინისტრაცია, გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის," - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.