აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

 B-2-ის ტიპის ბომბდამშენები

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა.

„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული კომპლექტი ჩამოგდებულია ძირითად ობიექტზე, ფორდოზე. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.

როგორც „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ოპერაციაში ექვსი ბომბდამშენი იყო ჩართული.

ისპაჰანსა და ნათანზში მდებარე ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების დროს აშშ-ის ძალებმა წყალქვეშა ნავებიდან Tomahawk-ის 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, ასევე B-2-ის ბომბამშენებიდან ჩამოაგდეს ბუნკერის საწინააღმდეგო ორი ბომბი ნათანზში. GBU-57-ის ბომბი მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი.

ფორდო მდებარეობს თეირანიდან სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ყუმის პროვინციაში, მთიან რეგიონში. ეს არის მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ძირითადი გვირაბისგან შედგება. აქ ინახება ცენრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. არსებული მონაცემებით, ფორდოს სადგური 100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.