ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს

ანდრეი ერმაკი

უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლო ანდრეი ერმაკის საქმეზე გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს.

დღეს სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადება ორი მიზეზით გადაიდო – დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმე 16 ტომს მოიცავს და ადვოკატები მასალებს სრულად ჯერჯერობით ვერ გაეცნენ. ამასთან, პროკურატურას გარკვეული მტკიცებულებების საჯაროდ გამჟღავნება არ სურს.

კანონის მიხედვით, გადაწყვეტილება მაქსიმუმ 72 საათში უნდა მიიღონ.

როგორც უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ალტერნატიულ ზომად, პროკურატურა 180 მილიონი გრივნის (დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარი) ოდენობის გირაოს განიხილავს.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 11 მაისს განაცხადეს, რომ ანდრეი ერმაკს ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში, რომელიც 460 მილიონი გრივნის (დაახლოებით ათი მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) გულისხმობს. აღნიშნული მუხლი რვიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ერმაკი ბრალდებებს უარყოფს.