ყავისფერი, კარაქისფერი და წითელი - როგორია 2025 წლის მოდის ტენდენციები

ტენდენციები

როგორი მაკიაჟი ვატაროთ შემოდგომაზე, რა ფერის ტანისამოსი ჩავიცვათ, როგორი სტილის  ვარცხნილობას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა... ,- ეს ის კითხვებია, რომელიც სეზონის დადგომისთანავე უამრავ ადამიანს გაუჩნდა.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენი მაყურებლის ყურადღება ამ თემაზე შეგვეჩეებინა. ტენდენციები მუდმივად იცვლება და ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება.

როგორც მოდის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ყავისფერი შემოდგომის მთავარი ფერია. გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, შემოდგომაზე აქტუალური მუქი ყავისფერი შარვლები და ჯინსები იქნება - რომელიც ყველაზე კარგად სეზონის კიდევ ერთ მთავარ ფერთან, წითელთან კომბინაციაში გამოიყურება.  სწორედ ამიტომ, მოდის კრიტიკოსების გირჩევენ ყავისფერი შარვალი წითელ აქსესუარებთან - ქამართან, ჩანთასთან, ასევე ფეხსაცმელთან, პერანგებსა და მაისურებთან ერთად მოირგოთ.

აქტუალურობას არ დაკარგავს 2025 წლის მთავარი ფერიც, სახელწოდებით „მოკა მუსი“. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ „მოკა მუსი"  თბილი ყავის ინსპირაციით შთაგონებული ელფერია, რომელიც რბილი ყავისფერისა და ნეიტრალური ფერების კომბინაციას წარმოადგენს. ამიტომ დიზაინერები გირჩევენ, შემოდგომის სეზონზე გარდერობი პასტელური ფერების მქონე ტანისამოსით შეავსოთ.

ცნობილი მოდის სახლების შემოდგომა- ზამთრის კოლექციებში კვლავაც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი კარაქისფერი შარვლისა და პიჯაკის კომბინაცია - გამოცემა „ვოგის“ ცნობით,  როგორც ჩანს,  ეს ფერი ზაფხულის შემდეგ, შემოდგომის მთავარ ტენდენციადაც იქცევა.  მოდის სფეროს ექსპერტების თქმით,

მიმდინარე სეზონზე შეგიძლიათ აქცენტი სხვა ისეთ აქტუალურ ფერებზეც გააკეთოთ, როგორებიც ხაკისფერი, შინდისფერი, ლურჯი და ზურმუხტისფერია.

სხვადასხვა ფერის საუკეთესო კომბინაციები კი ასე გამოიყურება: ნაცრისფერი და ყვითელი, შოკოლადისფერი ცისფერთან ან წითელთან ერთად , ასევე შინდისფერი და ღია კრემისფერი.