ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა – ძალადობრივ აქციებს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებულნი. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ბრიუსელი აფინანსებდა და ამიტომ სურს ამ ადამიანების პოლიტიკურ დევნილებად გამოცხადება.

„რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, სოლიდარობას ოფიციალურად უცხადებდა და შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჰუმანური ნაბიჯი გადავდგით და ვინც ინანიებს ამ დანაშაულს და აღიარებს, რომ ეს იყო ნამდვილად კრიმინალური დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ საპროცესო შეთანხმებები უფორმდებათ და ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა აღიარებით, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრიუსელი იტყუება, რომ ეს ადამიანები იყვნენ თვითნებურად დაკავებულები”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ვინ არიან ევროკომისიის ანგარიშში მოხსენიებული თვითნებურად დაკავებული პირები და ეხება თუ არა ეს შეფასება 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს, მიხეილ სააკაშვილსა და იმ სამ პირს, რომელთაც აქციებზე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს? „ქრონიკა“ გაფართოების ანგარიშში არსებული ჩანაწერით დაინტერესდა და ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის მიღება ევროკავშირის ელჩისგან, პაველ ჰერჩინსკისგან სცადა. „ქრონიკამ“ ევროკავშირის ელჩისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მან დეტალებში შესვლა არ ისურვა და კითხვის დაზუსტებისას განაცხადა, რომ ბრიუსელი ძალადობას გმობს.

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

✕