ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
1752001368
2013 წელს ოჰაიოში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარი შევიდა. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებდა, რომ ის 10 წლით ადრე გატაცებული ამანდა ბერი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალი არიელ კასტროს მსხვერპლი გახლდათ, რომელმაც ოჰაიოში სამი ქალი გაიტაცა და დაახლოებით ათი წლით შეუზღუდა მათ თავისუფლება.
არიელ კასტრომ დანაშაულების ჩადენა ყოფილ მეუღლესთან გრიმილდა ფიგეეროასთან თანაცხოვრებისას დაიწყო. კაცი ხშირად აყენებდა ცოლ-შვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი ცემის დროს გრიმილდას გაიტეხა ცხვირი, მოსტეხა მხრები და იმდენად ძლიერად ჩაარტყა თავში, რომ ქალს ტვინში სისხლის კოლტი ჩამოუყალიბდა. საბოლოოდ ფიგეეროამ ქმრისგან თავის დაღწევა მოახერხა, რის შემდეგაც კასტრომ კლივლენდის ერთ0ერთ სკოლაში ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, საიდანაც 2012 წელს ავტობუსში ბავშვის მარტო დატოვების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
მიუხედავად მამის არასტაბილურობისა, მისი ქალიშვილი მამას მზრუნველ და თავაზიან ადამიანად თვლიდა. ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა, როდესაც კასტროს საიდუმლო გამჟღავნდა.
კასტროს პირველი მსხვერპლი მიშელ ნაითი გახლდათ. 2002 წლის 23 აგვისტოს მიშელი სოციალურ მუშაკთან შესახვედრად მიდიოდა, რათა საკუთარ ვაჟზე მეურვეობა დაებრუნებინა. ნაითმა შენობას ვერ მიაგნო და შემხვედრებს დახმარება სთხოვა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არიელ კასტრო, რომელმაც ქალს დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მიშელი კასტროს შვილს იცნობდა, ამიტომ კაცს დახმარებაზე დასთანხმდა და მის მანქანაში ჩაჯდა. კაცმა ნაითი არასწორი მიმართულებით წაიყვანა და ქალს ატყუებდა, რომ სახლში ლეკვი ელოდეებოდა.
მიშელი კასტროს სახლში შეჰყვა. მეორე სართულის ოთახში შესულს კი კაცმა კარი ზურგს უკან მიუკეტა. ამ დღის შემდეგ კი მიშელი 11 წლის განმავლობაში აღარავის უნახავს.
არიელის შემდეგი მსხვერპლი ამანდა ბერია. 2003 წელს ის სამსახურიდან გამოვიდა და კასტროს შეხვდა, რომელმაც სახლში წაყვანა შესთავაზა, რის შემდეგაც ამანდამ 2013 წლამდე ტყვეობაში იცხოვრა.
ბოლო მსხვერპლი 14 წლის ჯინა დეჰეისუსი, რომელიც კასტროს ქალიშვილის, არლენის მეგობარი იყო. იმ დღეს გოგონები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო გეგმები ჩაიშალა. ცოტა ხნის შემდეგ დეჰეისუსი შემთხვევით შეხვდა არიელს, რომელმაც გოგონას არლენთან წაყვანა შესთავაზა. ჯინა კაცს დათანხმდა და მას სახლშიც გაჰყვა.
ბედის ირონიით, კასტროს ვაჟმა ენტონიმ, რომელიც ჟურნალისტი გახლდათ, ჯინას დაკარგვის შესახებ სტატია დაწერა და გოგონას დედას ინტერვიუ ჩამოართვა. ამ დროს ბიჭი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე მამამისი აღმოჩნდებოდა.
გოგონები თავიდან გამტაცებლის სახლის სარდაფში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი მათ ზედა სართულზე ცხოვრების უფლება მიიღეს. არიელი მათ საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას არ აძლევდა, შესაბამისად ბუნებრივ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გოგონები პლასტმასის ვედროს იყენებდნენ. საჭმელს კი კარების ნაპრალებიდან იღებდნენ.
გოგონებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კასტროს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ხანდახან კაცი მათი ოთახის კარს ღიას ტოვებდა. როდესაც რომელიმე მათგანი გაქცევას შეეცდებოდა, ის მას აუცილებლად სცემდა. გამტაცებელი მსხვერპლებს დაბადების დღეების ნაცვლად გატაცების დღის აღნიშვნას აიძულებდა.
გოგონებმა წლები გაატარეს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში. ამ დროის განმავლობაში მათ ისწავლეს თუ როგორ დაეფარათ მათი გრძნობები. უპირველეს ყოვლისა კაცი სადისტი გახლდათ, რომელსაც მათთვის ტკივილის მინიჭება სიამოვნებდა, შესაბამისად, მსხვერპლებს მათი გრძნობების შენიღბვა უწევდათ.
ერთ დღეს, ამანდა ბერი მიხვდა, რომ გამტაცებლისგან ფეხმძიმედ იყო. ცხრა თვის შემდეგ, ქალი თავად არიელ კასტრომ ამშობიარა.
მიშელი და ჯინა ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. მიშელი მსხვერპლებიდან ყველაზე მეამბოხე იყო, შესაბამისად ის ყველაზე ხშირად ისჯებოდა. ქალის თქმით, ის სულ მცირე ხუთჯერ დარჩა კასტროსგან ორსულად, თუმცა, მას მამაკაცი ისე სცემდა, რომ ნაყოფის შენარჩუნება ვერც ერთხელ შეძლო.
ამანდა კი თავის ქალიშვილთან, ჯოსლინთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრობდა. ქალი ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩაკეტილ პირობებში დედა-შვილს ნორმალურობის შეგრძნება შეენარჩუნებინა. ბერი დღიურს აწარმოებდა, სადაც ყველა იმ თავდასხმას აღწერდა, რომელსაც კასტრო მის წინააღმდეგ ახორციელებდა.
ოჯახები უწყვეტად ეძებდნენ დაკარგულ გოგონებს. ერთ დღეს, არიელი დეჰეისუსის დედას შეხვდა, რომელიც შვილის საძებნელად ფლაერებს არიგებდა. კაცმა ფლაერი სახლში წაიღო და ჯინას მისცა.
ქალები 2013 წლამდე ცხოვრობდნენ შიშსა და ტყვეობაში. ერთ დღეს კი, გატაცებიდან თითქმის ათ წლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კასტრო სახლიდან გავიდა და კარების ჩაკეტვა დაავიწყდა.
პატარა ჯოსლინი დედასთან მივიდა და უთხრა, რომ მამა სახლიდან მანქანით გავიდა.
პირველად ათი წლის შემდეგ, ამანდას საძინებლის კარი ღია იყო, კასტრო კი არსად ჩანდა. ქალმა გამბედაობა მოიკრიბა, სახლის დახურულ ეზოში გავიდა და ყვირილი დაიწყო. ამანდამ გამვლელის, ჩარლზ რემსის ყურადღება მიიქცია, რომელიც მას კარის გატეხაში დაეხმარა და პოლიციაში დაარეკვინა.
როდესაც მიშელ ნაითმა პირველი სართულიდან ამომავალი ზარის ხმა გაიგო, დარწმუნდა, რომ კასტრო სახლში დაბრუნდა და ამანდა გაქცევის მცდელობაში გამოიჭირა. ქალმა დიდხანს ვერ გაიაზრა, რომ თავისუფალი იყო. ბოლოს კი ადგილზე მისულ პოლიციას ბედნიერებისგან მკლავებში ჩაუვარდა.
არიელ კასტრო იმავე დღეს დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე ის აღნიშნავდა, რომ ქალებს სექსუალური კავშირის დამყარება თავადაც სურდათ და ძირითადად ეს მათი ინიციატივით ხდებოდა. მისი მტკიცებით, სახლში ყველაფერი კონსენსუალურად ხდებოდა.
კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, დაპატიმრებიდან ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის 3 სექტემბერს საწოლის თეთრეულით ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.
კასტროს მსხვერპლები დღესდღეობით ცდილობენ, რომ გატაცებული და დაკარგული ადამიანების ძებნაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. მიშელ ნაითმა ჯოჯოხეთურ ათ წელიწადზე წიგნი დაწერა, მოგვიანებით კი სახელი შეიცვალა და ლილი როუზ ლი გახდა. ქალმა 2015 წლის 6 მაისს იქორწინა. ქალი დღემდე იმედოვნებს, რომ ურთიერთობას აღადგენს თავის შვილთან, რომელიც მის არყოფნაში გააშვილეს.
ამანდა ბერი ჯოსლინთან ერთად მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. მან ოჰაიოს ერთ-ერთ ტელევიზიაში დაკარგული პირების შესახებ გადაცემის შექმნაში იმუშავა.
ჯინა დეჰეისუსმა ამანდასთან ერთად მათი გატაცების შესახებ მემუარი გამოსცა. ის ასევე Northeast Ohio Amber Alert Committee-ს წევრია და დაკარგული ადამიანების პოვნაში და მათი ოჯახების მხარდაჭერაში აქტიურადაა ჩართული.