„საკუთარი 15 წლის და საქმროს გააუპატიურებინა...“ - სერიული მკვლელების განაჩენები და რეზონანსული საქმე, რომელსაც კანადაში დღემდე განიხილავენ

კარლა ჰომოლკა

1990 წელს, კანადაში საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია კრიმინალურმა ფაქტებმა, რომელიც  ახალგაზრდების ცივსისხლიან გატაცებებსა და მკვლელობებს ეხებოდა და რომლებსაც ჩადიოდა შეყვარებული წყვილი — პოლ ბერნარდო და კარლა ჰომოლკა.

სერიული მკვლელების დანაშაულები და განაჩენი

ყველაფერი 1990 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც კარლა ჰომოლკამ საკუთარი და, 15 წლის ტამი ჰომოლკა, საშინელი გზით გაწირა.

კარლამ ვეტერინარული კლინიკიდან მოიპარა საანესთეზიო საშუალება, ჰალოთანი, რომლითაც ტამი დააძინა. მისი მიზანი იყო საქმროსთვის, პოლ ბერნარდოსთვის, "საჩუქარი" გაეკეთებინა.

დაძინებული ტამი პოლმა გააუპატიურა, კარლას თანდასწრებით. მომხდარი ძალადობის შედეგად, ტამი დაიღუპა — ის პირღებინების შედეგად დაიხრჩო.

მიუხედავად აშკარა გარემოებებისა, სამართალდამცველებმა ტამის სიკვდილი უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. პოლ და კარლა დანაშაულის გამო არ დაუსჯიათ.

***

ტამის სიკვდილის შემდეგ წყვილმა დანაშაულებრივი საქმიანობა გააგრძელა. 1991 წლის ივნისში ბერნარდომ გაიტაცა 14 წლის ლესლი მაჰაფი. გოგონა წყვილის სახლში გამოამწყვდიეს, გაუპატიურეს, აწამეს და საბოლოოდ მოკლეს. მის სხეულს ბეტონის ბლოკი მოაბეს და ტბაში გადააგდეს.

1992 წლის აპრილში, ჰომოლკამ და ბერნარდომ გაიტაცეს 15 წლის კრისტენ ფრენჩი. გოგონა სამი დღის განმავლობაში იყო ტყვეობაში, სადაც მას სისტემატურად აუპატიურებდნენ და შემდეგ მოკლეს.

ეს დანაშაულები წყვილმა ვიდეოკამერაზე ჩაწერა, რაც შემდგომში გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა.

***

1993 წელს კარლა ჰომოლკა პოლიციას თანამშრომლობაზე დათანხმდა. მან ბერნარდო დანაშაულების მთავარ ორგანიზატორად და მოძალადედ დაასახელა. ამ განცხადებების საფუძველზე, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ჰომოლკამ აღიარა ბრალი ორი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და მხოლოდ 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ცხადად აჩვენებდა, რომ ჰომოლკა აქტიურად მონაწილეობდა გაუპატიურებასა და წამებაში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შეთანხმება მიუღებლად და უსამართლოდ ჩათვალა.

პოლ ბერნარდოს 1995 წელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის დღემდე ციხეშია და "საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიში დამნაშავის" სტატუსი აქვს მინიჭებული.

კარლა ჰომოლკა 2005 წელს ციხიდან გათავისუფლდა. მან სახელი შეიცვალა, გათხოვდა და დღემდე კანადის კვებეკის პროვინციაში ცხოვრობს. მას სამი შვილი ჰყავს და ცდილობს, მედიისგან მოშორებით იცხოვროს.