ეს არ იყო მხოლოდ ლოდინი, ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა იმედის შესანარჩუნებლად... - წაჩხურუს ტაძარში სამადლობელ წირვაზე მყოფი კიდევ ერთი ბედნიერი წყვილის ისტორია

წაჩხურობა

მარტვილელი წყვილი რიტა ძიძიგური და გია ცაავა, წელს უკვე მეათედ, 6 თვის შვილთან ერთად სამადლობელ წირვაზე ავიდნენ წაჩხურუს ტაძარში.  ეს იყო წყვილის წაჩხურუს მადლით ასრულებული ოცნება.
როგორც ოჯახის ნათესავი ნინო დანელია "პრაიმთაიმთან" ამბობს, ანამარია ცაავა 24 ოქტომბერს დაიბადა, 10 წლიანი ლოდინის შემდეგ.

„წყვილი ცხოვრობს მარტვილში, 10- ივე წაჩხურობას იმყოფებოდნენ ტაძარში, მანამდე პარალელურად მოილოცეს ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია, ახლა ქარელში, დირბის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მოლოცვას ვაპირებთ ანამარიასთან ერთად.
ამ სიწმინდეების მოლოცვის და მკურნალობის შედეგად, რიტა დაორსულდა, საკუთარი შვილია, თუმცა,მანამდე იყო მთელი რიგი პრობლემები....ერთ დღეს რომ ტიროდა, მეორე დღეს ისევ იწყებდა ბრძოლას და გაჩნდა ნანატრი გოგო....და ბოლოს ეს იყო სამადლობელი, სადაც ანამარიას დედამ ფეხშიშველმა შვილთან და მეუღლესთან ერთად შემოუარა ტაძარს 7-ჯერ",-ამბობს ნინო დანელია. მისივე თქმით, ათი წელი – ეს არის სამი ათას ექვსას ორმოცდაათი დღე უფლის ვედრებაში გატარებული.

„როდესაც ჩემი მულის ოჯახს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რას ნიშნავს ნამდვილი სულიერი სიმტკიცე.
ეს არ იყო მხოლოდ ლოდინი, ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა იმედის შესანარჩუნებლად, რასაც ჩვენც, მათი ახლობლები, ყოველდღე ვხედავდით და განვიცდიდით. ისინი არასდროს დანებებულან, პირიქით, წლებთან ერთად მათი რწმენა უფრო მტკიცდებოდა და ეს ძალა ჩვენც გადაგვედებოდა ხოლმე. მათი ცოლ-ქმრობას პატარა ბზარიც კი არ გასჩენია, პირიქით უფრო მყარდებოდა, ბევრი იმედგაცრუების შემდეგ როცა ვუყურებდი რიტას სახეს მეგონა დანებდებოდა, მაგრამ მალევე იწყებდა ახალ ბრძოლას…

მათი გზა ყოველ წელს წაჩხურუს ტაძრამდე მიდიოდა. წაჩხურობა ხომ გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს აღინიშნება. ხალხს სჯერა, რომ ამ დღეს მარტვილში წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, რომელიც უშვილო წყვილებს შეეწევა. ტრადიციისამებრ, მომლოცველები იქ პატარა, სიმბოლური აკვნებითა და ფეხშიშველები ადიან 8 კილომეტრს, რათა თავიანთი თავმდაბლობითა და თავდადებით შესთხოვონ უფალს შვილის გაჩენას. ათი წლის განმავლობაში ისინიც ასე, ფეხშიშველები და გულწრფელი ვედრებით მიუყვებოდნენ ამ გზას. შარშან წაჩხურობასაც ერთად ვიყავით, გადამწყვეტი აღმოჩნდა – სწორედ მაშინ, როცა რიტა მუცლით ატარებდა ნანატრ სიცოცხლეს, მათი ლოცვა შესმენილ იქნა.

ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია, ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია მოთმინებასა და რწმენას ყველაზე დიდი ოცნებების ახდენა. ჩვენ კი, ვინც ამ წლების განმავლობაში მათ გვერდით ვიყავით, დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ ამ დიდ სასწაულს.",- ამბობს ნინო.
                   1