1750017082
მსოფლიო ბანკი: 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ქვეყნების 70 პროცენტისთვის შემცირდა

2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ქვეყნების 70 პროცენტისთვის შემცირდა, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიშის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ ივნისის გამოშვება.
ანგარიში წელიწადში ორჯერ – იანვარში და ივნისში ქვეყნდება და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
მსოფლიო ბანკის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ უახლესი ანგარიშის მიხედვით, გლობალური რეცესიების პირდაპირი გავლენის მიღმა, სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა და პოლიტიკის გაურკვევლობა, მსოფლიოში ეკონომიკურ ზრდას წელს სავარაუდოდ 2008 წლის შემდეგ უმცირეს მაჩვენებლამდე შეანელებს.
„აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ზრდის პროგნოზების შემცირება ქვეყნების თითქმის 70 პროცენტისთვის – ყველა რეგიონის და შემოსავლის ჯგუფების მასშტაბით. გლობალური ზრდა 2025 წელს სავარაუდოდ 2.3 პროცენტით დაიკლებს, რაც ნახევარი პროცენტული ერთეულით დაბალია წლის დასაწყისში ნავარაუდებ მაჩვენებელთან შედარებით. გლობალური ვარდნა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, შემდეგი ორი წლის პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2020-იანი წლების პირველ შვიდ წელიწადში უმცირესი იქნება 1960-იანი წლების მომდევნო ნებისმიერ ათწლეულთან შედარებით“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.
„აზიის რეგიონის გამოკლებით, განვითარებადი სამყარო განვითარებისგან თავისუფალ ზონად გარდაიქმნება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა განვითარებად ქვეყნებში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კლებით გამოირჩეოდა.
„2000-იან წლებში არსებული ექვსი პროცენტიდან 2010-იან წლებში ხუთ პროცენტამდე, 2020-იან წლებში კი ოთხ პროცენტამდე ჩამოვიდა. აღნიშნული მიჰყვება გლობალური ვაჭრობის ტრაექტორიას, რომლის ზრდაც 2000-იან წლებში არსებული საშუალო ხუთი პროცენტიდან დაახლოებით 4.5 პროცენტამდე დაეცა 2010-იან წლებში, ხოლო 2020-იან წლებში სამ პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ასევე შენელდა ინვესტიციების ზრდაც, მაშინ როცა ვალმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია“, – განაცხადა ინდერმით გილმა.
პრესრელიზის თანახმად, წელს განვითარებადი ქვეყნების თითქმის 60 პროცენტისთვის მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შემცირება საშუალოდ 3.8 პროცენტამდე, ვიდრე ეს მაჩვენებელი 2026 და 2027 წლების განმავლობაში 3.9 პროცენტს მიაღწევს.
„აღნიშნული ნახევარი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010-იანი წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა წელს, სავარაუდოდ, 5.3 პროცენტი იქნება, რაც 2025 წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული ერთეულით ნაკლებია. ტარიფების ზრდა და შრომის ბაზარზე არსებული შეზღუდულობა ასევე განაპირობებს აღმავალ ზეწოლას გლობალურ ინფლაციაზე, რომელიც 2025 წლისთვის პროგნოზირებული 2.9 პროცენტით ინარჩუნებს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მაღალ დონეს. ეკონომიკური ზრდის შენელება შეაფერხებს განვითარებადი ქვეყნების წინსვლას სამუშაო ადგილების შექმნის, უკიდურესი სიღარიბის შემცირებისა და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ერთ სულზე შემოსავლების უთანასწორობის შემცირების მიმართულებით. განვითარებად ქვეყნებში ერთ სულზე შემოსავლების ზრდა სავარაუდოდ 2.9 პროცენტი იქნება 2025 წელს, რაც 1.1 პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2000 და 2019 წლებს შორის არსებულ საშუალო მაჩვენებელზე. თუ დავუშვებთ, რომ განვითარებადი ქვეყნები, ჩინეთის გარდა, შეძლებენ მშპ-ის ოთხპროცენტიანი საერთო ზრდის შენარჩუნებას (რაც 2027 წლის პროგნოზია), მათ დაახლოებით ორი ათწლეული დასჭირდებათ ეკონომიკური წარმადობის პანდემიამდელ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად. გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესაძლებელია მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდოს, თუ გავლენიანი ქვეყნები შეძლებენ დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების შერბილებას, რაც შეამცირებს პოლიტიკის საერთო გაურკვევლობას და ფინანსურ მერყეობას“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.
პრესრელიზის მიხედვით, ანალიზი მიუთითებს, რომ დღეს არსებული სავაჭრო დავები ისეთი შეთანხმებით თუ გადაწყდება, რომელიც ტარიფების განახევრებას ითვალისწინებს მაისის მეორე ნახევარში არსებულ დონესთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნება 2025 და 2026 წლების განმავლობაში.
„ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ისარგებლეს სავაჭრო ინტეგრაციით, მაგრამ ახლა გლობალური სავაჭრო კონფლიქტის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. რეაგირების ყველაზე გონივრული გზა ძალისხმევის გაორმაგებაა ახალ პარტნიორებთან ინტეგრაციის, ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების დაჩქარებისა და ფისკალური მდგრადობის ამაღლების მიმართულებით. სავაჭრო ბარიერების ზრდის და გაურკვევლობის მატების პირობებში, განახლებულ გლობალურ დიალოგსა და თანამშრომლობას წინსვლის გაცილებით სტაბილური და ნაყოფიერი გზის დასახვა შეუძლია“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მზარდი სავაჭრო ბარიერების ფონზე, განვითარებადი ქვეყნები უნდა ცდილობდნენ გაცილებით ფართო ლიბერალიზაციას სტრატეგიული სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის დამყარებით სხვა ქვეყნებთან და ვაჭრობის დივერსიფიკაციას, მათ შორის, რეგიონული ხელშეკრულებების მეშვეობით.
„სახელმწიფოების შეზღუდული რესურსების და განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, პოლიტიკის შემმუშავებლებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ადგილობრივი შემოსავლების მობილიზაციაზე, ყველაზე მეტად მოწყვლადი შინამეურნეობებისთვის ფისკალური ხარჯვის პრიორიტეტულობის განსაზღვრასა და ფისკალური ჩარჩოს გაძლიერებაზე. ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ქვეყნებს სჭირდებათ ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და დასაქმების პროდუქტიულობის ხელშეწყობა დასაქმებულთა აუცილებელი უნარებით აღჭურვით, შრომის ბაზარზე ისეთი პირობების შექმნით, რომლებიც ეფექტიანად დააკავშირებს ფირმებსა და სამუშაოს მაძიებლებს. გლობალური თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხარდასაჭერად მრავალმხრივი ინტერვენციების, კონცესიური დაფინანსებისა და აქტიურ კონფლიქტებში ჩართული ქვეყნებისთვის საგანგებო დახმარების მეშვეობით“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.