იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
1755328793
თმისგან დამზადებული კბილის პასტა ნამდვილად უსიამოვნო წარმოსადგენია, მაგრამ, შესაძლოა, ამან ჩვენი დენტალური ჯანმრთელობა უკეთესობისკენ შეცვალოს. ახალი კვლევის თანახმად, თმაში, ფრჩხილებსა თუ ცხვრის მატყლში არსებული ცილა, სახელად კერატინი, სტომატოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისას გასაოცარ შედეგს იძლევა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ესაა "ეკომეგობრული ბიომასალა, რომელიც ბუნებრივ პროცესებს იმეორებს". ამით კბილის დაზიანებისა და კარიესის თავიდან აცილებაა შესაძლებელი — მდგომარეობები, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ ძვირი ჯდება, ზოგჯერ მტკივნეულია და დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, სხვა გზა არაა, რადგან კბილის მინანქარს რეგენერაციის უნარი არ აქვს.
შესაძლოა. კერატინმა ეს შეცვალოს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ის მატყლიდან განაცალკევეს, გაასუფთავეს და ყინვით გამოაშრეს. გუნდმა დაადასტურა, რომ ეს ცილები კბილებში არსებულ კალციუმს ბუნებრივად ებმის და მინანქრის მსგავს სტრუქტურას ქმნის. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი შემცველობის დენტალური საცხის მეშვეობით ტკივილის შემსუბუქება და კბილის დაზიანებული ნაწილის აღდგენაა შესაძლებელი.
"კერატინი უფრო ბუნებრივად გამოიყურება, ვიდრე სხვა საშუალებები. ეს იმიტომ, რომ იგი კბილის თავდაპირველ ფერს მეტად შეგვიძლია შევუსაბამოთ", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, კერატინის მდგრადი მოპოვება ისეთი ბიოლოგიური ნარჩენებიდან შეიძლება, როგორიც თმა და ფრჩხილებია. ასევე, ის არ საჭიროებს აღმდგენ თერაპიებში გამოყენებად ტრადიციულ პლასტიკურ მასალას, რომელიც მომწამლავი და ნაკლებად მტკიცეა.
გუნდი ახალი მეთოდის კლინიკურად გამოცდის ნებართვის მიღებას ცდილობს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ის რამდენიმე წელში ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.
"ახალი ერა იწყება, რომელშიც ბიოტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ არა მხოლოდ სიმპტომებს ვუმკურნალოთ, არამედ თავად სხეულში არსებული მასალებით ბიოლოგიური ფუნქცია აღვადგინოთ", — ამბობენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Advanced Healthcare Materials გამოქვეყნდა.