როგორი ხმა ჰქონდათ დინოზავრებს — აღმოჩენილია ნამარხი ხორხი, რომელიც ამის დადგენის საშუალებას იძლევა

დინოზავრები

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გვიჩვენებენ ფილმებში, დიდი ალბათობით, დინოზავრები მსხვერპლს ღრიალით არ მისდევდნენ. საუკეთესოდ შემონახული ხორხის ნამარხზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ისინი უფრო ჩიტებივით ჭყიოდნენ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფმა დინოზავრის ახალი სახეობის თითქმის სრული ჩონჩხი აღმოაჩინა.

72 სმ სიგრძის ორფეხიან ბალახისმჭამელს Pulaosaurus qinglong-ი უწოდეს ჩინური მითოლოგიის პერსონაჟის, დრაკონ პულაოს გამო, რომელიც როგორც გადმოცემა ამბობს, ხმამაღლა ღრიალებდა.

ეს მეტსახელი შემთხვევით არ უწოდებიათ — პულაოზავრი ერთ-ერთი იმ რამდენიმე დინოზავრთაგანია, რომელთა ხმის შესახებაც გარკვეული წარმოდგენა გვაქვს.

იმიტომ, რომ ნამარხი უკიდურესად კარგად შემონახულია. შემორჩენილია არა მხოლოდ ძვლების უმეტესობა, არამედ სხეულის ის ნაწილების, რომლებსაც როგორც წესი, მეცნიერები ხშირად ვერ პოულობენ — მათ შორის ხორხის სტრუქტურები. ნაწლავებში სავარაუდოდ შემორჩენილია მისი ბოლო „სადილის“ ნარჩენებიც.

მკვლევართა განცხადებით, ხორხის ხრტილოვანი, ფოთლის ფორმის სტრუქტურები ძლიერ ჰგავს თანამედროვე ფრინველებისას, რაც მიუთითებს, რომ პულაოზავრი კომუნიკაციას შეიძლება ამყარებდა კომპლექსური ჭყივილითა და დაძახილებით. სამწუხაროდ, ამ ხმის რეპროდუქცია უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.

„პულაოზავრის ყბის შეკუმშვის გამო, უცნობია ქვედა ყბის ზუსტი სიგანე, შესაბამისად, ვერ მოხერხდება აკუსტიკური გაანგარიშებები“, — წერენ მკვლევრები.

დინოზავრის განმარხებული ხორხის აღმოჩენა უკიდურესად იშვიათია; უფრო მეტიც, ეს ნაწილი ისტორიაში მეორედ ვიპოვეთ. მეორე ხორხი სხვა ტიპის დინოზავრს ეკუთვნოდა — ჯავშნიან ანკილოზავრს, რომელსაც პინაკოზავრს უწოდებენ.

საინტერესოა, რომ ეს ორი ნიმუში ერთმანეთს ძლიერ შორეულად ენათესავება და ევოლუციის 90 მილიონი წელიწადი ყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორხის ამ სახის სტრუქტურა შეიძლება ფართოდ ყოფილიყო გავრცელებული დინოზავრებში.

რატომ არ არის აღმოჩენილი მეტი? მკვლევართა ვარაუდით, ეს მყიფე სტრუქტურები ან ხშირად ვერ ნამარხდებოდა, ან შეცდომით არის კლასიფიცირებული ყელის სხვა ნაწილებად.

„საჭიროა ჩატარდეს არამფრინავ დინოზავრთა ვოკალური ანატომიის ხელახლა ანალიზი, რათა შეფასდეს იდენტიფიცირების სიზუსტე ნიმუშებში“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.