ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ზოგიერთ გველს მთლიანი ცხოველის გადაყლაპვა შეუძლია, მაგრამ, დაფიქრებულხართ, როგორც ინელებენ მათ ჩონჩხებს?
მეცნიერებმა ბირმული პითონები (Python bivittatus) შეისწავლეს და ამ ქვეწარმავალთა სხეულში აღმოაჩინეს უჯრედები, რომლებიც მსხვერპლის ძვლების გადამუშავებაში მონაწილეობს. კერძოდ, ისინი ნაწლავების კედლებზეა და იქ მოხვედრილი საკვების ასეთ მყარ ნაწილებში არსებულ კალციუმს ითვისებს.
ბირმული პითონები ძირითადად ფრინველებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით იკვებებიან, თუმცა მათ ყოველდღე ჭამა სულაც არ სჭირდებათ. საქმე ისაა, რომ მთლიანად გადაყლაპული ცხოველების მონელებას ისინი რამდენიმე დღეს ანდომებენ და ახალ მსხვერპლს მხოლოდ ამის შემდეგ ეძებენ.
საჭმლის გადამუშავების პროცესში ეს გველები მათ ორგანიზმში მოხვედრილ ძვლებს ამტვრევენ და იქიდან კალციუმს იღებენ. აღნიშნული ქიმიური ელემენტი მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიან მარაგს მაინც ვერ იყენებენ.
ამ პროცესზე მეტის გასაგებად მეცნიერებმა ბირმულ პითონებს სამგვარი რაციონი შეურჩიეს: მთლიანი ცხოველი, უძვლო ხორცი და იგივე, თუმცა კალციუმის საკვები დანამატით. ქვეწარმავლების რამდენჯერმე გამოკვების შემდეგ სპეციალისტებმა სამივე ტიპის დიეტის ეფექტის გამოკვლევა დაიწყეს. სწორედ მაშინ მიაგნეს მათ აქამდე უცნობ უჯრედებს, რომლებიც ნაწლავების საფარველზეა.
პითონების პირველ და მესამე ჯგუფში ამ უჯრედებში აღმოაჩინეს ნაწილაკები, რომლებიც კალციუმს, რკინასა და ფოსფორს შეიცავდა. მეორე ჯგუფში, რომელში შემავალი გველებიც უძვლო ხორცს იღებდნენ, ასეთი ნაწილაკები არ იყო. აქედან ასკვნიან, რომ ამ უჯრედების მიერ კალციუმის ის ნაწილი შთაინთქმება, რომელიც ქვეწარმავალმა ჩვეულებრივი მეტაბოლიზმით ვერ შეითვისა. ვარაუდობენ, რომ ნაწილაკებში თავმოყრილი ამგვარი მარაგი შემდეგ ფეკალიების სახით გამოიყოფა.
მეცნიერებმა იმავე სახის უჯრედებს სხვა პითონებში, მახრჩობელა გველებსა და Heloderma suspectum-ის სახეობის ხვლიკებშიც მიაკვლიეს — ყველა მათგანი მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს. შესაძლოა, ეს მექანიზმი ცხოველთა სამყაროში იმაზე გავრცელებული იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მათ შორის წყლის ბინადრებსა და ფრინველებშიც.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Experimental Biology გამოქვეყნდა.