კაცებისთვის შექმნეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომლებსაც გვერდითი ეფექტები არ აქვს

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

მეცნიერებმა კაცებისთვის შექმნილი არაჰორმონალური კონტრაცეპტივი YCT-529 ადამიანებზე პირველად გამოცადეს. ის YourChoice Therapeutics-ის მიერაა შექმნილი.

ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელი კაცების მიერ ჩასახვის საწინააღმდეგო ამ აბების მიღება უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტები არ აქვს. გულისცემაზე, ტესტოსტერონის დონეზე, ანთებასთან ასოცირებულ ბიომარკერებზე, განაყოფიერებასთან დაკავშირებულ ჰორმონებზე, სქესობრივ ლტოლვასა და განწყობაზე უარყოფითი გავლენა არ დაფიქსირებულა.

ცხოველებზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ ცხადყო, რომ ამ კონტრაცეპტივის ეფექტი ბოლო აბის მიღებიდან სულ რაღაც 6 კვირაში სრულიად ქრება. მწვავე არასასურველი სიმპტომები არც მათში გამოვლენილა.

ამგვარი პრეპარატის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად FDA-ს მიერ კაცებში გამოსაყენებლად მხოლოდ პრეზერვატივი ან ვაზექტომიაა ნებადართული. სპეციალისტები აბების შექმნაზე მუშაობენ, მაგრამ უმეტესობა ჰორმონალური მედიკამენტია. ეს ნიშნავს, რომ მათი მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტების რისკი არსებობს.

YCT-529 განსხვავებულია, რადგან ჰორმონებზე არ ზემოქმედებს, არამედ შედეგს RAR-α-დ წოდებული ცილის ბლოკირების გზით იძლევა. ის რეტინომჟავას ებმის და სპერმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ აბის მეშვეობით სპერმის წარმოქმნა ისე ფერხდება, რომ არაფერი ზიანდება და არც გვერდითი ეფექტები ვლინდება.

კვლევის განმავლობაში პრეპარატი 32-59 წლის ასაკის 16-მა ჯანმრთელმა კაცმა ერთხელ მიიღო. ყველა მათგანს ვაზექტომია ჰქონდა გაკეთებული. დოზები განსხვავდებოდა, მაგრამ 180 მილიგრამს არ აღემატებოდა. ზოგმა ის უზმოზე მიიღო, ზოგმა კი — საკვების შემდეგ, თუმცა ამას მის მოქმედებაზე გავლენა არ ჰქონია. ყველა ცდისპირმა პრეპარატი კარგად გადაიტანა, რითაც მისი უსაფრთხოების შესახებ მონაცემები კიდევ უფრო გამყარდა.

ახლა კვლევის მეორე ფაზა იგეგმება, რომლის მიზანიც სპერმის ცვლილებასა და ამ მხრივ უსაფრთხოებაზე დაკვირვებაა. მართალია, ცდები ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა უკვე იმედის მომცემია.

შედეგები გამოცემაში Communications Medicine გამოქვეყნდა.