ChatGPT-ში ცვლილებებია - 6 მთავარი სიახლე, რომლებიც ჩატბოტში დაგვხვდება

ChatGPT

7 აგვისტოს OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, უახლესი ენობრივი მოდელი GPT-5 გამოუშვა. ChatGPT ამიერიდან ახალ მოდელზე იმუშავებს, ამ ცვლილების პარალელურად კი ჩატბოტში არაერთი სიახლეა — ვიზუალური ცვლილებები იქნება ეს თუ ბოტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული.

მოდით, 6 მნიშვნელოვანი ცვლილება მიმოვიხილოთ, რომლებსაც ამიერიდან ჩატბოტში ვიხილავთ.

1. ვეღარ ავირჩევთ, რომელმა მოდელმა გვიპასუხოს
 

GPT-5-ის გამოსვლასთან ერთად ჩატბოტში მოდელების არჩევას ვეღარ შევძლებთ.

ძველი მოდელები — GPT-4o, GPT-4.1 და GPT-4.5 — ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ChatGPT ამიერიდან სტანდარტულად GPT-5-ზე იმუშავებს. იგი "როუტერს" იყენებს, რომელიც კომპლექსური კითხვების დასმისას ავტომატურად რთავს აზროვნებისათვის განკუთვნილ მოდელს. შესაბამისად, ამის შეცვლა თავად აღარ დაგვჭირდება.

ამის მიუხედავად, GPT-5-სა და GPT-5 Thinking-ს შორის გადართვას შეძლებენ ChatGPT Plus-ის, Pro-სა და Team-ის მომხმარებლები. Pro და Team ვერსიების მომხმარებლები GPT-Thinking Pro-ზეც მიიღებენ წვდომას.

 

2. ChatGPT-ში რამდენიმე "პერსონა" დაგვხვდება

ChatGPT-ს 4 პერსონაჟი ემატება, თითოეული მათგანი კი ტექსტურ პასუხებს თავისთვის დამახასიათებელი სტილით გაგვცემს. შეგვიძლია თავად ავირჩიოთ, რომელი პერსონა გვიპასუხებს. OpenAI თითოეულ მათგანს შემდეგნაირად აღწერს:

ცინიკოსი — სარკასტული და მშრალი. პირდაპირია, თუმცა მახვილგონიერი. ხშირად ცდილობს გაგვაღიზიანოს, თუმცა პირდაპირ, პრაქტიკულ და სასარგებლო პასუხებს გვაძლევს;
რობოტი — ზუსტი, ეფექტიანი და უემოციო. პირდაპირ პასუხებს გვაძლევს ზედმეტი სიტყვების გარეშე;
მსმენელი — თბილი და აუღელვებელია. ჩვენს აზრებს მშვიდი სიცხადითა და მსუბუქი მახვილგონიერებით უფიქრდება;
ნერდი — ხალისიანი და ცნობისმოყვარე. სხვადასხვა კონცეფციას გარკვევით გვიხსნის, ცოდნასა და აღმოჩენებს კი აღფრთოვანებით ხვდება.
თუკი ამ პერსონების გამოყენება არ გენდომებათ, შეგიძლიათ ChatGPT სტანდარტულ ვერსიაზე დააბრუნოთ.

3. გაუმჯობესდა კოდირების შესაძლებლობები

ChatGPT-ში კიდევ უფრო დაიხვეწა Vibe coding — პროცესი, რომლის დროსაც ბოტს ბუნებრივი ენით ვაძლევთ დავალებას, ის კი კოდს ამ მითითებების საფუძველზე აგენერირებს. OpenAI-ის განცხადებით, GPT-5 განსაკუთრებით უკეთესად ამუშავებს რთულ და დეტალურად აღწერილ მოთხოვნებს, როცა ვებსაიტის ან აპლიკაციის შექმნას ვთხოვთ.

მას შემდეგ, რაც ჩატბოტი მითითებას შეასრულებს, შეგვიძლია Canvas გავხსნათ — ვიხილავთ როგორც მის მიერ შექმნილ ვებსაიტს, ასევე ინტერაქციაშიც შევალთ მასთან.

4. ინტერფეისში მეტი ცვლილების შეტანას შევძლებთ

ამიერიდან შეგვეძლება, ChatGPT-ს ინტერფეისი უკეთ მოვარგოთ საკუთარ გემოვნებას. შეგვეძლება კონკრეტული ფერი ავირჩიოთ, რომლითაც საუბრის ჩარჩოები, გამუქებული ტექსტი და ხმის ღილაკი შეიფერება.

ვებვერსიაზე ამის გასაკეთებლად ჯერ საკუთარი პროფილის ხატულას უნდა დააჭიროთ, Settings ვარიანტი აირჩიოთ და General-ში გადახვიდეთ. აქ Accent color ველი დაგხვდებათ, საიდანაც ფერის არჩევას შეძლებთ.

ეს მობილურ აპლიკაციაზეც მსგავსად ხდება: ჯერ პროფილის სურათს დააჭერთ, შემდეგ Personalization ვარიანტს, ბოლოს კი Color Scheme-ში შეხვალთ.

5. Advanced voice mode მეტად მორგებადი და ხელმისაწვდომი გახდება


ფასიანი მომხმარებლებისთვის ChatGPT-ს ხმის მოწინავე რეჟიმი (Advanced voice mode) ახლდება. იგი ხმით საუბრის პროცესს მეტად ბუნებრივს ხდიდა, ახლა კი ინსტრუქციების გაგებას უკეთ შეძლებს და იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ მისი საუბრის სტილი შევცვალოთ.

OpenAI-მ ასევე განაცხადა, რომ ხმის სტანდარტული რეჟიმი გაუქმდება. ამის სანაცვლოდ ფასიანი ვერსიის მომხმარებლები ხმის მოწინავე რეჟიმს "თითქმის ულიმიტოდ" გამოიყენებენ. გარდა ამისა, უფასო ვერსიის მომხმარებლებს დამატებით რამდენიმე საათი მიეცემათ ამ რეჟიმით სარგებლობისთვის. ხმის მოწინავე რეჟიმი ამიერიდან custom GPT-ებზეც იმუშავებს.

6. მარტივად დაუკავშირდებით Gmail-სა და Google Calendar-ს

ამიერიდან უფრო მარტივი იქნება, რომ ჩატბოტი Gmail-ის ანგარიშსა და Google Calendar-ს დავუკავშიროთ. როგორც კომპანიამ დემონსტრაციაში აგვიხსნა, რელევანტური "პრომპტის" შეყვანისას (მაგალითად, "დამეხმარე ხვალინდელი განრიგის დაგეგმვაში") ChatGPT შემოგვთავაზებს, რომ ჩატბოტი Gmail-თან ან Calendar აპლიკაციასთან დავაკავშიროთ.

ანგარიშის დაკავშირების შემდეგ ChatGPT ჩვენს განრიგსა და მეილებს გამოიყენებს. შედეგად შეეძლება, დღის დაგეგმვაში დაგვეხმაროს, გამოტოვებულ მეილებზე შეგვატყობინოს და ა. შ.

ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირებას Pro ვერსიის მომხმარებლები მომდევნო კვირიდან შეძლებენ, ნელ-ნელა კი ეს ფუნქცია სხვებთანაც დაემატება.

წყარო