არქეოლოგებმა ადამიანის თითის უძველესი ანაბეჭდი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ადამიანის თითის უძველესი ანაბეჭდი აღმოაჩინეს

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანის თითის ყველაზე ძველი ანაბეჭდი აღმოაჩინეს. აღმოჩენა ესპანეთში, სან ლასაროს გამოქვაბულში გაკეთდა. ანაბეჭდი 43 000 წლით თარიღდება და ის ნეანდერტალელმა წითელი ოხრის გამოყენებით 8-სანტიმეტრიან კენჭზე დატოვა.

საინტერესოა კენჭის ფორმაც - ის ადამიანის სახეს გვაგონებს, ანაბეჭდი კი განთავსებულია იმ ადგილას, სადაც ცხვირი უნდა ყოფილიყო. ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის წარმოდგენას, რომ მხოლოდ თანამედროვე ადამიანები ქმნიდნენ სიმბოლურ ხელოვნებას და აჩვენებს, რომ ნეანდერტალელებსაც ჰქონდათ წარმოსახვის უნარი და განზრახ მხატვრული გამოხატვის შესაძლებლობა.

წითელი პიგმენტი, რომლითაც ნიშანი გაკეთდა, არ იყო ადგილობრივი წარმოშობის, რაც ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებმა ის სხვა ადგილიდან მოიტანეს. ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ნიშანი განზრახ იქნა დატოვებული ადამიანის თითით - სავარაუდოდ, ზრდასრული კაცის მიერ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეანდერტალელმა ხელოვანმა ბუნებრივად სახეს მიმსგავსებული ფორმა შეამჩნია კენჭზე და მისი სიმბოლური მნიშვნელობა გააძლიერა წითელი წერტილის - ანუ ცხვირის დამატებით.

ზოგიერთი სპეციალისტი სიფრთხილით ეკიდება ამ ინტერპრეტაციას. მიუხედავად ამისა, აღმოჩენა ამყარებს მზარდ მტკიცებულებებს, რომ ნეანდერტალელებისთვისაც დამახასიათებელი იყო სიმბოლური ქცევა, რომელიც აქამდე მხოლოდ ჰომო საპიენსს მიეწერებოდა.