1753735351
ადამიანის დნმ-ში ფარული "კოდი" გამოავლინეს, რომელიც ადრე უფუნქციოდ მიიჩნეოდა

ჩვენს გენომში არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც აქამდე უფუნქციო "ნარჩენად" მიიჩნეოდა. ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ, შესაძლოა, მას ადრეული განვითარებისას გენების ექსპრესიაში (გააქტიურება-გათიშვაში) მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს.
ყველაფერი 1940-იან წლებში დაიწყო, როცა ციტოგენეტიკოსმა ბარბარა მაკ-კლინტოკმა სიმინდში ტრანსპოზონებს მიაგნო. მათ "მოხტუნავე გენებსაც" უწოდებენ, რადგან გენომის სხვადასხვა ნაწილში გადანაცვლების უნარი აქვს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი თითქმის ყველა ორგანიზმში გვხვდება და ადამიანის გენომის დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ეს მილიონობით წლის განმავლობაში განმეორებითი პროცესების შედეგად გავრცელებაზე მიუთითებდა.
ამგვარი განმეორებითი პროცესები ნიშნავს, რომ დნმ-ის ეს მიმდევრობები თითქმის იდენტურია, ამიტომ უკვე გამქრალი ძველი ვირუსების ნარჩენად ვერ მოიაზრება. დღეს უკვე ვიცით, რომ ზოგი ასეთი ელემენტი გენეტიკური ჩამრთველის ფუნქციას ასრულებს, ანუ კონკრეტული ტიპის უჯრედებში ახლომდებარე გენების აქტიურობას აკონტროლებს.
განმეორებითმა ბუნებამ და იდენტურობამ განსაკუთრებით ახალგაზრდა ტრანსპოზონების შესწავლა გაართულა. ერთ-ერთი ასეთია MER11, რომელიც ამჟამინდელ გენომურ ბაზებში ნაკლებადაა კატეგორიზებული, ანუ მის როლზე ბევრი არაფერი ვიცით...
ამის გამოსასწორებლად მეცნიერებმა მსგავსი ელემენტების ევოლუციური ურთიერთქმედებები გააანალიზეს, ასევე ის, თუ როგორ შენარჩუნდა ისინი პრიმატების გენომში. შედეგად მკვლევრებმა MER11A/B/C ოთხ განსხვავებულ ჯგუფად დაყვეს: MER11_G1-დან MER11_G4-ამდე. პარალელურად, ეს ძველიდან ახლამდე კატეგორიზაციაა, რაც გვიჩვენებს, როდის წარმოიქმნა ისინი პირველად პრიმატების გენომში.
ამან აღნიშნულ მიმდევრობებში გენების რეგულაციის აქამდე უცნობი სახის პოტენციალი გამოავლინა. შემდეგ MER11-ის ქვეოჯახები სხვადასხვა ეპიგენეტიკურ მარკერს (გენების აქტიურობასთან დაკავშირებული ქიმიური ინდიკატორი) შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ახალი კლასიფიკაცია ნამდვილ რეგულაციურ ფუნქციას უფრო მეტად შეესაბამება.
მეცნიერებმა MER11 ე.წ. lentiMPRA-ის მეთოდით დატესტეს, რომელიც ერთდროულად ათასობით დნმ მიმდევრობის გენური აქტიურობის იდენტიფიცირებას ხდის შესაძლებელს. თითქმის 7000 ასეთი მიმდევრობის ანალიზმა გენური ექსპრესიის გააქტიურებაში MER11_G4-ის განსაკუთრებული როლი გამოამჟღავნა. მასში განსხვავებული რეგულაციური რეგიონებიც დაფიქსირდა, რომლებიც გენების გააქტიურებაში მონაწილე ცილებს იერთებს.