1749237219
„მისთვის ოჯახის წევრად იქცა...“ - ვინ არის კვარას პირადი ფიზიოთერაპევტი და რა უთხრა 18 წლის ასაკში ფეხბურთელმა მას

ესპანური გამოცემა Heraldo „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის წარმატებაში დიდი წვლილი პირად ფიზიოთერაპევტთან მუშაობამ შეიტანა.
გამოცემის ცნობით, ხოსე კარლოს მოლინოსს ფიზიოთერაპიის კურსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აქვს გავლილი, განათლება კი ესპანეთისა და ფინეთის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.
სხვადასხვა დროს, მოლინოსი „ხეტაფეში“, კატარის ფეხბურთის ფედერაციასა და მადრიდის „რეალში“ მუშაობდა, სადაც მისი უშუალო ამოცანა ტრავმების შემდგომი აღდგენა და რეაბილიტაცია იყო.
2021 წლის აგვისტოში მოლინოსმა ყაზანის „რუბინის“ ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი ჩაიბარა - მისი და ხვიჩა კვარაცხელიას გზები სწორედ იქ გადაიკვეთა. Heraldo წერს, რომ ყაზანში კვარაცხელია და მოლინოსი იმდენად დამეგობრდნენ, რომ ხვიჩამ ესპანელი ფიზიოთერაპევტი საქართველოშიც დაპატიჟა და თავისი ოჯახის წევრები გააცნო.
როგორც გამოცემა Heraldo წერს, ყაზანში ყოფნისას 18 წლის ხვიჩამ ხოსეს უთხრა: „ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ და შენ ჩემთან ერთად წამოხვალ“.
მოლინოსის თქმით, კვარა უკვე მაშინ მიზანდასახული, მენტალურად ძლიერი და ზრდასრული იყო, რითაც მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა თანატოლებისგან. მათი თანამშრომლობა ნეაპოლშიც გაგრძელდა, სადაც კვარამ ნაპოლის 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, და გრძელდება პარიზშიც, სადაც მოლინოსი ხშირად ჩადის, ბოლო თვის განმავლობაში კი უწყვეტად რჩებოდა საფრანგეთის დედაქალაქში, რათა ქართველი ფეხბურთელი სეზონის ფინალური ნაწილისთვის უკეთესად მოემზადებინა. მუშაობამ შედეგი გამოიღო: კვარაცხელიამ და პსჟ-მა ტრებლი შეასრულეს.
„მოლინოსის ახლო ურთიერთობა კვარაცხელიასთან სცდება ფიზიკურ მომზადებას: ეს არის ფიზიოთერაპიისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ერთობლიობა, რაც ესპანელ სპეციალისტს ქართველი ფეხბურთელისთვის მოედნის მიღმა მომუშავე უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცევს“, - წერს გამოცემა.