ავტომობილის მინის დამუქების წესის დარღვევა, ავტობუსის ზოლზე მოძრაობა, ნასვამ მდგომარეობაში მართვა და სპეციალური ციმციმის უკანონოდ გამოყენება - ბოლო დღეებში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი გამოვლინდა

ავტომობილი

ბოლო დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის დავალების შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გამკაცრებულია მიდგომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.

"ბოლო დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი, მათ შორის:

- ავტომობილის მინის დამუქების წესის დარღვევის - 682 ფაქტი;

- ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობის - 4 830 ფაქტი;

- ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის - 683 ფაქტი;

- სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმის უკანონოდ გამოყენების - 8 ფაქტი.

თითოეული სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პოლიცია, კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თოთოეულ სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

მოვუწოდებთ, საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

მისივე თქმით, პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და კანონის დამრღვევ პირთა მიმართ, ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას გაატარებს.