გაცნობის ეს საიტი ბრაუზერის ისტორიით დაგაწყვილებთ

ტელეფონები

გაცნობის პლატფორმები მთელ მსოფლიოში პოპულარობას არ კარგავს. მეტიც, ყოველწლიურად იქმნება ახალ-ახალი საიტები და აპლიკაციები, რომლებიც პარტნიორის პოვნას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით გპირდებიან. თუმცა, აქამდე არავის მოსვლია აზრად, შესაფერისი ადამიანის მოსაძებნად ბრაუზერის ისტორია გამოეყენებინა...

Browser Dating - ასე ჰქვია ვებსაიტს, რომელიც ბელგიელმა დეველოპერმა დრის დეპორტერმა შექმნა. დეპორტერის თქმით, ამოსავალი წერტილი მისთვის „გულწრფელობა" იყო: იმ ეპოქაში, როცა პარტნიორის მოსაძებნად იდეალურად დამუშავებულ ფოტოებსა და ინფორმაციას იყენებენ, ამ საიტის შემქმნელს სურს, მომხმარებელმა სინამდვილე დაინახოს და არა - შირმა.

სწორედ ამიტომ, Browser Dating-ში საკუთარ თავს ვერ დამალავ - თუკი გსურს, პლატფორმის მეშვეობით შეხვდე პარტნიორს, წინაპირობაა, რომ მას შენი ბრაუზერის ისტორია გაუზიარო: რას ეძებდი ინტერნეტში, რომელი ვებგვერდები მოინახულე... თან, თავად ვერც კი აირჩევ, რომელი ნაწილი გაუზიარო და რომელი - არა.

ექსპერიმენტული ვებსაიტით ბევრი დაინტერესდა - გაშვებიდან პირველივე კვირაში ათასზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა პლატფორმაზე. მსურველებმა ჯერ Chrome-ის ან Firefox-ის "ექსთენშენი" უნდა ჩამოტვირთონ, რათა საიტს ბრაუზერის ისტორიაზე წვდომა მისცენ. შესავსები აპლიკაციის დანარჩენი მონაცემები კი სტანდარტულია: რამდენი წლის ხარ, სად ცხოვრობ, ვის ეძებ...

ინფორმაცია მუშავდება და როცა საიტი პოტენციურ პარტნიორს შემოგთავაზებს, მის ბრაუზერის ისტორიას კი არ ნახულობ, იგებ საინტერესო ფაქტებსა და საერთო ინტერესებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით - თუნდაც იმას, რომ ერთსა და იმავე დროს აქტიურობთ ინტერნეტსივრცეში.

სხვა მსგავსი პლატფორმების სააბონენტო გადასახადისგან განსხვავებით, Browser Dating-ით სარგებლობისთვის მხოლოდ ერთჯერადად უნდა გადაიხადო 9 ევრო. შესაძლებელია უფასო ვერსიით სარგებლობაც, მაგრამ ის მხოლოდ ხუთ პოტენციურ პარტნიორს გიჩვენებს.

საიტის გაშვებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა იდეა მოიწონა, ზოგს კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები აფიქრებს, რადგან პლატფორმას პერსონალურ მონაცემებზე აქვს წვდომა. თუმცა, დეპორტერის თქმით, იგი გუგლის ხელსაწყო Firebase-ს იყენებს ინფორმაციის დასამუშავებლად და შესანახად. დეველოპერის ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ინტერნეტში არსად არ ვრცელდება.

დეპორტერი კიდევ იმას ამბობს, რომ "მაჭანკლობის ექსპერტი" არაა. მე ხელოვანი ვარო, აღნიშნავს იგი და ამატებს, რომ თავისი ექსპერიმენტული პროდუქტებით ტექნოლოგიების პოტენციალის ჩვენება სურს. სამომავლოდ კი საიტს სხვა ფუნქციებიც დაემატება, მაგალითად, პირველი პაემნისთვის ლოკაციის რეკომენდაციები. თუმცა, მომხმარებლების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ Browser Dating ახალი მეგობრების საპოვნელად უფრო გამოდგება, ვიდრე - რომანტიკული პარტნიორის.