1778165544
24 წლის გოგო 3-თვიანი კომიდან ქორწილამდე ორი დღით ადრე გამოვიდა (უცხოეთი)
ჩინეთში უჩვეულო და ემოციური შემთხვევა დაფიქსირდა — 24 წლის გოგონა სამთვიანი კომიდან საკუთარ ქორწილამდე ორი დღით ადრე გამოვიდა. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
წყვილმა ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. წინასწარ დაგეგმა ცერემონია — დაჯავშნეს სასტუმრო და შეთანხმდნენ წამყვანთან.
თუმცა, იანვარში ვან ჟანჟანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში მივიდა. ექიმებმა მას მედიკამენტები გამოუწერეს და ინიექცია გაუკეთეს. რამდენიმე წუთში გოგონას მძიმე ალერგიული რეაქცია დაეწყო — დაებუჟა ენა, დაეწყო ღებინება და სუნთქვა გაუძნელდა. მოგვიანებით მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მედიკოსების ჩარევამდე პაციენტის ტვინი ოთხ წუთზე მეტხანს ჟანგბადის გარეშე დარჩა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ვან ჟანჟანი 92 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
მოულოდნელად, ქორწილის დათქმულ თარიღამდე ორი დღით ადრე, გოგონამ თვალები გაახილა და საქმროს გაუღიმა. მიუხედავად ამისა, მას ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ შეუძლია საუბარი და დამოუკიდებლად მოძრაობა.
როგორც ცნობილია, ექიმები მის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და გამოჯანმრთელების პროცესის გაგრძელებას იმედოვნებენ.










