ნია იმნაძე სასამართლოში მიიყვანეს - პროკურორის თქმით, დაცვის მხარის ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა, ფაქტობრივად, დისკომფორტი აარიდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმე

"დაცვის მხარის ადვოკატებმა, როგორც ბრალდებულის, ანი ნასყიდაშვილის, ასევე, დემეტრე ჩიქოვანის წარმომადგენელმა ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა. უდავოდ მიჩნევა ნიშნავს იმას, რომ ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში უკვე არსებულ ჩვენებას," - განაცხადა გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ნია იმნაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

პროკურორი ვარაუდობს, რომ დაცვის მხარემ დისკომფორტი აარიდა მოწმეს, რომელსაც საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იძულების წესით უნდა წაკითხულიყო იძულების წესით მოყვანილი არასრულწლოვანი მოწმე ნია იმნაძე, რომელიც დანაშაულის მოტივთან და, უშუალოდ, ჩადენილ დანაშაულთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე იძულების წესით მოიყვანა პოლიციამ, ის სასამართლო სხდომის დარბაზში იქნა წარმოდგენილი, დადო ფიცი, გაფრთხილებულ იქნა სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, - ანუ, ყველა ეს პროცედურა გაიარა - დაცვის მხარის ადვოკატებმა როგორც ბრალდებულის, ანი ნასყიდაშვილის, ასევე დემეტრე ჩიქოვანის წარმომადგენელმა ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა.

უდავოდ მიჩნევა ნიშნავს იმას, რომ ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში უკვე არსებულ ჩვენებას - მოგეხსენებათ, რომ ნია იმნაძე სამჯერ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ. დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ეს მტკიცებულება მტკიცებულებად რჩება საქმეში, ანუ, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივ პრობლემას ვერ შექმნიან ამით. თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით დაცვის მხარის ადვოკატებმა ფაქტობრივად, დისკომფორტი აარიდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

დაცვის მხარემ, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ ურთიერთობის გამო მიიღო, რაც ჰქონდათ ბრალდებულებს მოწმესთან. ისინი არიან ერთი სამეგობრო წრის წარმომადგენლები," - აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე.