ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" საკუთარ კარიერასა და მიზნებზე საუბრობს. სანდრო ბაზაძე იხსენებს, კარიერის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია. ბაზაძე ამბობს, რომ ყოველთვის სურდა, დიდი სპორტსმენი გამხდარიყო და ამაში მის ოჯახს უდიდესი წვლილი აქვს.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ განვლილი პერიოდით, რომელიც ჩემი კარიერის განმავლობაში გამოვიარე. არ ვნანობ არცერთი წუთით, თუნდაც ჩემი ხასიათით, იმიტომ, რომ არა ეს ხასიათი, ჩემი აზრით, იმ დაბრკოლებებს ვერ გადავლახავდი. ძალიან რთული და შეუძლებელი სიტუაციიდან დავიწყეთ ამ სპორტში მოღვაწეობა. ამიტომ, რომ არა ეს ხასიათი, აქამდე ვერ მოვიდოდი.
ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ მე ამ სპორტში ვმოღვაწეობ. 14-15 წლის ასაკში, მე დიდად ჩახედული არ ვიყავი ამ სპორტში და, სიმართლე გითხრათ, დიდად სურვილი არ მექნებოდა, რომ არა მამა და ჩემი ძმა. პირველი ბიძგი იყო მათგან, შემდეგ კი მე თვითონაც მომეწონა. დედაჩემიც ჩემი დიდი მოტივატორი იყო, რა თქმა უნდა. სულ პირველობისკენ მამზადებდა. ასევე, ჩემი მეუღლის მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ყველანაირად გვერდში მიდგას. საქართველოს ჩემპიონი გავხდი ამ სპორტის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში და მივხვდი, რომ მოგება მსიამოვნებს, ამის შემდეგ ვარჯიშსაც მოვუმატე, მიზანიც უფრო გაიზარდა და მომინდა, რომ დიდი სპორტსმენი გავმხდარიყავი," - აღნიშნავს მოფარიკავე.
ამასთან, სანდრო ბაზაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გასულ წელის 27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან დამარცხდა. სანდრო ბაზაძის თქმით, ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონობა პირველი დღიდანვე იყო მისი მიზანი, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და უსამართლოდ მოექცნენ.
ბაზაძე, ასევე, ამბობს, რომ, ფედერაციამ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, დასაბუთებულია, რომ არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ მის მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა.
"პარიზში მოხდა ისეთი რამ, რაც მე 1%-ით დავუშვი, 99%-ით მეგონა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ჩვენმა გასაჩივრებამ მცირე შედეგი გამოიღო, ოღონდ არა ჩემთვის, ის მსაჯი დაისაჯა, უბრალოდ რაღაც რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს. პირველ რიგში, არაკომპეტენტური მსაჯები დანიშნეს, რაც იქაც დავაფიქსირე. ორი ადამიანი დანიშნეს, რომელთაც გამოცდილება არ ჰქონდათ. ვგრძნობდი, რომ რაღაც არ იყო კარგად, არ ვიცი, რა გითხრათ. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადატანა ძალიან გამიჭირდა. მე ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ეს ორთაბრძოლა იქნებოდა ძალიან ადვილი, ყოველთვის პატივს ვცემ თითოეულ ჩემს მოწინააღმდეგეს. ვინც ჩემი ასპარეზობა ნახა, ამბობს, რომ მე იქ აგრესიულად ვიქცევი, აგრესიულად გამოვხატავ, მაგრამ მინდა ვუთხრა თითოეულ მათგან, ეს არ იყო აგრესია, უბრალოდ საკუთარ თავს იცავ. თავიდან წყნარად გავაპროტესტე, მაგრამ რომ ვიგრძენი, რომ იქ არაფრად არ მაგდებდნენ, ამან დამძაბა. ისეთ რაღაცას მეუბნებოდნენ, თითქოს მე საერთოდ აზრზე არ ვიყავი ამ სპორტის. სიფიცხე ჩემს კარიერაში, რაღაც მომენტში ხელს მიშლიდა, ამიტომ ვიმუშავე ჩემს თავზე, ვეცადე, რომ რაღაცნაირად გამენეიტრალებინა ეს ყველაფერი და დავარეგულირე," - ამბობს სანდრო ბაზაძე.
ამასთან, სპორტსმენის თქმით, პარიზის ოლიმპიადის გამოცდილება მისთვის ფსიქოლოგიურად იმდენად რთული იყო, რომ 7 თვე არ უვარჯიშია და სპორტში დაბრუნება გაუჭირდა.
"ცხოვრებაში არასდროს არ ჩამიგდია ამდენი ხანი, 7 თვე არ მივარჯიშია. სურვილი არ მქონდა, ვერ ვვარჯიშობდი და არანაირი სურვილი არ მქონდა ამ სპორტში დაბრუნების. ერთადერთი მედალი მაკლია კარიერაში, რომ, ასე ვთქვათ, შევკრა ჩემი ხურჯინი და დავისვენო. ძალიან გამიჭირდა დაბრუნება, მაგრამ ახალ მწვრთნელთან დავიწყე ვარჯიში და შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. რწმენა დამიბრუნდა და ჩემს თავს ვუთხარი, რომ წინ არის შენთვის ყველაფერი. მინდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი სამართლიანად გავხდე. ვიძახი, სამართლიანად გამიშვით, მოვიგებ. ყოველი ტკივილის შემდეგ, უფრო მეტად მემატება მოტივაცია და ვეცდები, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა," - აცხადებს სანდრო ბაზაძე.