სერიალი And Just Like That სამი სეზონის შემდეგ იხურება

And Just Like That

 პოპულარული ამერიკული კომედიური დრამა And Just Like That ("ასე და ამგვარად") იხურება. სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სერიალი, რომელიც Sex and the City-ის გაგრძელებას წარმოადგენს, მესამე სეზონით დასრულდება. 31 ივლისს მაყურებელმა სეზონის მე-10 ეპიზოდი იხილა, მაგრამ, როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, წინ კიდევ ორი სერია გველოდება.

„ასე და ამგვარად... Sex and the City-ის სამყაროში მორიგი ამბავიც დასასრულს მიუახლოვდა", — აცხადებს სერიალის შემქმნელი მაიკლ პატრიკ კინგი, — "როცა მესამე სეზონის ბოლო ეპიზოდის სცენარს ვწერდი, მივხვდი, რომ ეს შესაფერისი ადგილი იქნებოდა წერტილის დასასმელად. ასე რომ, გადავწყვიტეთ, პოპულარული სერიალი წელს დავასრულოთ ორნაწილიანი ფინალური ეპიზოდით. ამის გამხელა კი აქამდე იმიტომ გადავდეთ, რომ არ გვინდოდა, სეზონის ყურება სიტყვა 'ფინალურით' ჩაგვეშხამებინა. უზომოდ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენს პერსონაჟებს თავისი სახლისა და გულის კარი გაუღო". 

And Just Like That, რომლის პრემიერა 2021 წლის დეკემბერში შედგა, საკულტო სერიალად ქცეული Sex and the City-ის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც უკვე შუა ხნის ასაკში მყოფი კერი, მირანდა და შარლოტი კვლავაც ნიუიორკულ რომანტიკულ თავგადასავლებში ეხვევიან.

იმის მიუხედავად, რომ დიდი მოლოდინის შემდეგ სერიალი მაღალი რეიტინგით დაიწყო, მაყურებლების რაოდენობა თანდათანობით, სეზონიდან სეზონამდე მცირდებოდა. ამასთან, პროექტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: კრიტიკოსების ნაწილმა ის არასაჭირო გაგრძელებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ And Just Like Thatწინამორბედს ხარისხითაც ჩამოუვარდებოდა.