1793903557
რა კავშირია სიცივესა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას შორის - მეცნიერების ახალი კვლევა
როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ყველა ტემპერატურა ერთნაირი არ არის.
მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გაურკვეველ მიზეზთა გამო, დაბალი ტემპერატურა სასარგებლოა დღეგრძელობისთვის, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და დადებითი ეფექტები აქვს უჯრედულ დონეზე.
მეორე მხრივ, როგორც ჩანს, გადაჭარბებული სიცხე ადამიანის ორგანიზმზე დიდად კარგ გავლენას არ ახდენს.
მაგრამ რა არის სიცივეში ისეთი, რაც შედარების თვალსაზრისით, ასე სასარგებლოა?
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გამოავლინეს მექანიზმი, რომელსაც ამ ეფექტში შეაქვს წვლილი და მას მართავს მეტაბოლური ნივთიერება, რომელსაც დიჰიდრობიოპტერინი (BH2) ეწოდება.
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ზომიერად ცივი ტემპერატურა იწვევს კონკრეტული მეტაბოლიტის - BH2-ის მნიშვნელოვან გამომუშავებას; აღნიშნული ნივთიერება სინთეზირდება და ინახება კუნთოვან ქსოვილში, საიდანაც შემდგომში გამოიყოფა. ამის შემდეგ, BH2 სხეულის სხვა ნაწილებში გადადის, სადაც ის ხელს უწყობს ცილოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებას და დაბერების პროცესში ქსოვილთა ჯანმრთელობას უწყობს ხელს“, - ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი დევიდ ვილჩესი.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა საუკუნეზე მეტია იციან, რომ დაბალი ტემპერატურა ცხოველებში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მათ შორის ჭიაყელებში, ბუზებში, თევზებსა და მღრღნელებში, ბოლომდე მაინც არ იცოდნენ, როგორ ახერხებს ამას სიცივე.
თავიდან მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება პასიური თერმოდინამიკური ეფექტი ყოფილიყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მათ ივარაუდეს, რომ სიცივით გამოწვეული ხანგრძლივი სიცოცხლე აქტიურად რეგულირებადი პროცესია სხეულში, რომელიც ააქტიურებს იმ კონკრეტულ ბიოლოგიურ გზებს, რომლებიც ორგანიზმს გადარჩენაში ეხმარება.
რამდენიმე წლის წინ, ვილჩესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ცივმა ტემპერატურამ მავნე ცილოვანი გროვების მოშორება გამოიწვია ნემატოდ ჭიაყელა Caenorhabditis elegans-ში - გაააქტიურა უჯრედული სტრუქტურები, სახელად პროტეასომები, რომლებიც ცილოვან ნარჩენებს შლიან.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს ასეთი რეაგირების გამომწვევი სისტემური სიგნალები და ივარაუდეს, რომ ამაში შეიძლება ჩართული იყოს მეტაბოლიტები - მეტაბოლური პროცესების შედეგად წარმოქმნილი პატარა მოლეკულები.
C. elegans-ზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზომიერად ცივი ტემპერატურის ზემოქმედება (15 °C, რომელიც ჭიაყელების სიცოცხლეს ახანგრძლივებს) ზრდის ფერმენტის, სახელად CAT–4-ის გამომუშავებას დიდწილად ჭიაყელების კუნთებში, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს მეტაბოლიტ BH2-ის გამომუშავებას.
წარმოქმნის შემდეგ, BH2 გადაადგილდება სხვა ქსოვილებში, სადაც ის გარდაიქმნება ბიოაქტიურ მოლეკულა ტეტრაჰიდრობიოპტერინად (BH4), რომელიც ფერმენტ PAH–1-ს საშუალებას აძლევს, წარმოქმნას ამინომჟავა, სახელად ტიროზინი. განაგრძეთ კითხვა











