1693764619
მაია ბითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დენის სალუქვაძეს და მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის აღდგენის საკითხზე, მათ შორის ნაპირდაცვისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების გაძლიერებაზე. ასევე იმსჯელეს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებასა და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ხელშეწყობის გეგმებზე.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით დეფიციტური პროფესიების აღდგენის საჭიროების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც პროფესიული განათლების განვითარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
მაია ბითაძემ სტუმრებს წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.