ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული თერთმეტი პირის სასამართლო პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა

საქალაქო სასამართლო

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა.

როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა, კონსტანტინე კერესელიძემ განაცხადა, შსს-ს პრესსამსახურის ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეომასალა დაათვალიერა და ამოიღო. მისი თქმით, აღნიშნულ ვიდეომასალაში ჩანდა, ბრალდებული ვალერი თეთრაშვილი როგორ ისროდა პიროტექნიკას პოლიციელების მიმართულებით. მისივე განცხადებით, ბრალდებული გიორგი ტერიშვილი პოლიციელების მისამართით ილანძღებოდა და სხვადასხვა ნივთს ისროდა, ბრალდებული ირაკლი ქერაშვილი კი, რუსთაველზე ბარიკადებზე იყო ასული და პოლიციელების მიმართულებით პიროტექნიკას ისროდა.

ადვოკატებმა მოწმე ცრუ ჩვენებაში დაადანაშაულეს. ადვოკატები დაინტერესდნენ, ვიდეოებში ჩანდა თუ არა პოლიციელების ძალადობა და გინება, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ეს კადრში არ დაუნახავს.

ბრალდების კიდევ ერთმა მოწმემ, დეტექტივმა თორნიკე ჯაფარიძემ ოპერატიულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირადი კონტაქტისგან მიიღო. მისი ჩვენებით, ამ ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა პოლიციელების მიმართულებით ისროლა ქვა. თორნიკე ჯაფარიძის თქმით, ინფორმაცია „მის პირად კონტაქტს მისმა პირადმა კონტაქტმა მიაწოდა“. მოწმის ჩვენებით, ვალერი თეთრაშვილი შსს-ს ბაზაში მოიძია და მის ხელმძღვანელს, იოსებ სიგუას პატაკით მიმართა.

ბრალდების მესამე მოწმემ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით ცოპურაშვილმა აქციებზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მანქანის და სპეცტექნიკის დაზიანებაზე ისაუბრა.