1746725910
"ლანძღვაზე არ ვბრაზდები, მხოლოდ წყევლაზე... მივიღე ის, რაც მჭირდებოდა..." - ინტერვიუ სტილისტ ლანოსთან, რომლის ვიდეოებიც სოცქსელებს იპყრობს

სოციალური მედიიდან უამრავი ნიჭიერი ადამიანი გავიცანით. „პრაიმტაიმი“ კიდევ ერთ წარმატებულ ბლოგერს და თავის საქმის პროფესიონალს, სტილისტ ლანოს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
ლანო წურწუმია ქართულ ბიუთი ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ინდივიდუალური მუშაობის სტილი და გამორჩეული ქარიზმა ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. მან თავი არა მხოლოდ გამორჩეულ სტილისტად, არამედ, სოციალურ ქსელებში გავლენიან ფიგურად დაიმკვიდრა.
ლანოს ვიდეოების უმეტესობას ათობით ათასზე მეტი ნახვა აქვს და ეს ყველაფერი არ არის - მის ვიდეოებზე სხვა უამრავი ტიკტოკერი, თუ ცნობილი სახე სახალისო ტრენდებს იღებს.
- ლანო, დავიწყოთ თავიდან, როდის და როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?
- დაახლოებით, 17 წელია, რაც ამ სფეროში ვარ. წელიწად-ნახევრით ჩავარდნა მქონდა, საზღვარგარეთ ვიყავი. რომ ჩამოვედი, ისევ გავაგრძელე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს საქმე, თოჯინები სულ ჩემს ხელში იყო. რომ გავიზარდე, სამეზობლოს მივადექი, ყველას მე ვემსახურებოდი. ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, ძალიან მაგრად ვსწავლობდი და სამართალზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ, შემდეგ ჩემი გამჭრიახი გონებით მივხვდი, რომ ეს საქმე არ გამომადგებოდა და თავად უნდა ვყოფილიყავი თავის ბატონ-პატრონი. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და „უფროსი“ არ შემიძლია. ჩემთან, სალონში, არავის უფროსი არ ვარ, მე ვარ ჩემი ობიექტის მეპატრონე და ყველა საკუთარი თავის უფროსია.
აკადემიაში დავიწყე სწავლა, რასაც ახლა ვაკეთებ, წლების წინ, მე მსგავსი დონის განათლება არ მქონდა. ყოველდღიურად ვვითარდებოდი და ვცდილობდი, უფრო მეტი გამეკეთებინა, დღემდე ასეა.
სწავლას რომ მოვრჩი, მაშინვე მუშაობა დავიწყე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, ვარ ასეთი დამოუკიდებელი, თანაც, არავის ჩარევით, ცნობილების და პიარის გარეშე - მათ ვერ დაინახავთ ჩემთან, თუ თავიანთი ნებით არ არიან მოსულები. იმიტომ განვითარდი და წინ წავედი, რომ უსაზღვროდ მიყვარს ჩემი საქმე და მაქსიმუმს ვდებ.
Lano Style სხვა სალონებისგან იმიტომ არის განსხვავებული, რომ ბავშვობიდან მიყვარს სიმღერა, ცეკვა, მუსიკის გარეშე არაფერს ვაკეთებ. არ არის აუცილებელი, როგორც პროფესიონალი, ისე ვმღეროდე, ასე რომ იყოს, მაშინ ამ საქმეში საერთოდ არ ვიქნებოდი და სცენაზე ვიდგებოდი.
დაახლოებით 1 წლის წინ, ზუსტად ასეთი ამბები ატყდა მოსწავლეებთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ჩემი ტელევიზიებში და პროექტებში მიწვევა. ურთულესი სიმღერა მომცეს და თავი კარგად გავართვი. როცა შენი საქმე ძალიან გიყვარს, თან გიყვარს სიმღერა, ცეკვა, ეს ცუდი არ არის. ვფიქრობ, სალონი განტვირთვის ადგილია.
ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობას ვითვალისწინებთ, თუ დაღლილია, მუსიკას დაბალ ხმაზე ვუწევთ. ჩემი ობიექტია და მინდა, ვიმღერებ - ასე არ ხდება. ჩვენ ვიცით ადამიანებთან მიდგომა, რაც არ მოსწონთ, არ ვაკეთებთ.
მინდა გითხრათ, რომ არასდროს, არც ერთი ადამიანის ლანძღვა-გინებაზე არ ვბრაზდები, ერთადერთი, წყევლაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე - ეს უკვე უტაქტობაა. დანარჩენი, ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. თქვენ გგონიათ, მე ყველა მომწონს?! მაგრამ ვხვდები, რომ ეს საჯაროდ გამოტანილი ვიდეო, მისთვის მისაღებია და ჩემთვის ასე ვერ იქნება. ამ ცხოვრებაში, ყველაფერი ისე უნდა აკეთო, როგორც შენ გინდა. უნდა იყო ძალიან თავისუფალი და შრომისმოყვარე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა სფეროშია, უყვარდეთ თავიანთი საქმე და უშუალოები იყვნენ. თუ ადამიანობა არ გაქვს, როგორი მაგარი ტიპიც უნდა იყო, ჩემს პატივისცემას ვერ მოიპოვებ.
მუშაობა რომ დავიწყე, თავიდანვე შევეცადე, ძლიერ სპეციალისტებთან მემუშავა, რომ მეტად განვვითარებულიყავი. დღესდღეობით, ყველა სფეროში დიდი კონკურენციაა და დიდი ბრძოლა უწევს ადამიანს. არსად არასდროს მიბრძოლია, დღემდე არ მაინტერესებს, ვინ როგორ მუშაობს. შევდივარ ჩემს სივრცეში და ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე რომ მოვიცალო სხვისი ვიდეო რგოლების სანახავად, წინ ვერ წავალ. ამით რისი თქმა მინდა - მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მე მაკრიტიკებს და ჩემზე დროს კარგავს, აუცილებლად თავიანთი საქმე აკეთონ და წინ წავიდნენ, ჩემი ყურებით და ლანძღვით ვერასდროს განვითარდებიან. აქედან გამომდინარე, არაფერი მწყინს.
წინ ჩემმა მონდომებამ, უდიდესმა შრომამ წამიყვანა. შორიდან ყველაფერი ხომ ლამაზად ჩანს? მე საზღვარგარეთ არ წავსულვარ, ბინა, მანქანა სალონი - საზღვარგარეთ წასვლით არ მაქვს, ჩემს სამშობლოში ვარ 24/7-ზე და ვცდილობ, განვავითარო სხვები და ვასწავლო. სწავლას რაც შეეხება, მარტო გართობა არაა. ძალიან მომთხოვნი ვარ, პასუხისმგებლობიანი. არ მინდა ჩემს მოსწავლეებს უთხრან, ვინ გასწავლაო, ეს ჩემთვის ძალიან ცუდია.
გადავწყვიტე, თავიდანვე 50%-იან ანაზღაურებაზე მემუშავა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რადგან დამწყები ვიყავი, 40%-ზე არაფრით დავთანხმდებოდი. ნახეთ, რა მარტივია, ზუსტად ის მოგეცემა, რასაც მოითხოვ. მე სულ ვითხოვ, ყველასგან ვითხოვ იმას, რასაც ვთვლი, რომ მეკუთვნის. მე შრომას ვდებ და მოვითხოვ, დამიფასონ. შემდეგ გადავწყვიტე, სკამი მექირავებინა, ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება და გავხდი დამოუკიდებელი. სოციალური ქსელები წამოვიდა, თითოეულ ჩემს ნამუშევარს ვდებდი, (Before/After), არასდროს ვამტკიცებდი, რომ მაგარი სტილისტი ვარ, ყოველთვის იქნება მაგარი და მაგარი, აუცილებლად, უბრალოდ, მე ჩემს თითოეულს ნაბიჯს და საათს ვაფასებ, ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია.
შემდეგ წამოვიდა ზარები, წამყვანებს ვუკეთებდი ვარცხნილობებს, ამ ყველაფერზე უანგაროდ დავდიოდი, პიარისთვის და ჩემი ვიდეო რგოლებისთვის მჭირდებოდა. რომ მივიღე ის, რაც მჭირდებოდა, ანაზღაურება მოვითხოვე. მუშაობა დავიწყე, ჯერ პატარა, შემდეგ კი დიდ ფართში გადავედი. რომ მივხვდი, ეს საქმე ჩემი სიყვარული იყო, 8 წლის შემდეგ მოსწავლეების მიღება დავიწყე. შევქმენი ჩემი ნაშრომების და ნამუშევრების კონსპექტები და საკუთარ თავს მივეცი უფლება, ეს ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
@lanostilisti ♬ original sound - lanostilisti
- სანამ სიმღერის ვიდეო „გავარდებოდა“, მანამდე კონსპექტები გატრენდდა. ხალხმა ვერ გაიგო, რას იწერდნენ გოგონები რვეულებში ...
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მარტივად აგიხსნით: ვარ კულინარი და ვიწყებ საჭმლის მომზადებას. თუ გონებაში არ მაქვს მოფიქრებული, რა უნდა გავაკეთო და რა ინგრედიენტები მჭირდება, გაზქურასთან რომ მივიდე და კონკრეტული კერძი მოვამზადო, ფიზიკურად ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი, რა მჭირდება. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.
დიდი გამოხმაურებაა, ხალხი შოკშია, აინტერესებთ რას ვიწერთ: თუ ჩვენ თავის ბაზა არ ვიცით, მოცემულობა არ ვიცით, არ ვიცით წრე, რა კუთხიდან რა ხაზზე უნდა გავიდეთ, ძალიან რთულია. იმდენი შეჭრა არსებობს, დღეს სახელი არც ერთს აქვს, აქედან გამომდინარე, მოსწავლეს დამოუკიდებლად სამუშაოდ რომ ვუშვებ, ეს სწორედ ის კონსპექტებია, რაც უნდა წაიკითხოს და ისწავლოს კონკრეტული სახელწოდება „კარე“ როგორ უნდა შეჭრას. უკვე აღქმაში, ჩანაწერებით რომ იცის, პირობითად, ვიწყებთ კეფის ზონიდან, გამოვყოფთ და ა.შ. ამას არასერიოზულად უყურებენ, მაგრამ თეორიის პრაქტიკაში გადატანა ყველაზე მნიშვნელოვანია.
@lanostilisti ♬ original sound - lanostilisti
- ამბობენ, რომ მოსწავლეებს მკაცრად ექცევი, ამის გამო ბევრიც გაკრიტიკებს. ასეა?
- სიმკაცრეს არ უარვყოფ. საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ მინდა, მაგრამ ვარ ყველაზე მეგობრული, უშუალო ადამიანი, თუმცა, როცა საქმე ჩემს საქმეს ეხება, შეიძლება, წყობიდან გამოვიდე. ახლა ამას თქვენთან ვიტყვი, გაიგოს მთელმა საქართველომ - ბევრი მიცნობს და დღეს თუ ჩემს სალონში დადის მომხმარებელი, ნებისმიერმა იცის, ვისთან მოდის. თუ მოსწავლესთან ჯდება, ზუსტად იცის, რომ „ლანო“ სალონიდან ისე არ გავა, კმაყოფილი რომ არ დარჩეს. მე ყველაფერს ვკურირებ. სიმღერა, ცეკვა, ყველაფერი კარგია, მაგრამ მე რომ 1,3,5-ჯერ დაგიძახებ, მოდი უყურე, 6-ჯერ გეტყვი ასე გააკეთე, ისე გააკეთე, შენ ტელეფონში ხარ, არ მისმენ, გეცინება, უკონტროლო ვხდები. იყო შემთხვევა, 125 მომხმარებელთან 15 მოსწავლე დავტოვე მენეჯერთან, (იქ რომ ღრიალი არ დამეწყო და პანიკური შეტევა არ დამმართნოდა) გავედი და ჩემი მეგობრები ვნახე. ცხოვრებაში არ მახსოვს, დღის 4 საათზე მე გარეთ, ყავის დასალევად გავსულიყავი, რატომაც არა?! ავდექი, წავედი და არავინ მოვიკითხე. ეს იყო მათი ყველაზე დიდი დასჯა. თუმცა, ძალიან კარგად გაართვეს თავი. ვიფიქრე იმაზეც, რომ მომხმარებელი გაბრაზდებოდა, მაგრამ აბსოლუტურად ყველამ ისე მიიღო, როგორც საჭირო იყო. სულ რომ ყველაფერი დამეკარგა, ამხელა შრომის მიუხედავად, ისეთი ხასიათი მაქვს, იმ დღეს მე იქ არ დავბრუნდებოდი. მენეჯერი გავაფრთხილე, თქვენი ზარი არ შემოვიდეს-მეთქი. შემდეგ მომხმარებლები მირეკავდნენ და მადლობას მიხდიდნენ. სხვათა შორის, მითხრეს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
გოგოებთან, რომლებთანაც მუშაობას ვიწყებ, ვცდილობ, გასაუბრება მოვუწყო, გავიცნო და ჩემი თავიც გავაცნო. პირდაპირ ვეუბნები, თავიდანვე იცოდეთ, რომ ვარ ძალიან მომთხოვნი, პირდაპირი და უშუალო და ძალიან ვბრაზდები, მწყინს. ჩემთან 30+ გოგოები დადიან. 40,45, 50 წლის ქალებს რომ ხმას ავუწევ, მე თვითონ მერიდება, მრცხვენია და ბოდიშებს ვუხდი. ნუ მიმიყვან ცუდ სიტუაციამდე. უხერხულია, საღლიცინოდ აქ რომ მოდიხარ. ბოლოს, დაგვიანებაზე გავბრაზდი. ყველა საათი გათვლილია. ბოლო წყენა ეს იყო, ეს კიდევ თუ გამეორდა, ერთი წუთით არ გავაჩერებ არავის-მეთქი, ვუთხარი.
@lanostilisti ♬ original sound - lanostilisti
- სოციალური ქსელები, განსაკუთრებით ტიკტოკი ახალმა ტრენდმა მოიცვა, თქვენს სიმღერაზე ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტიკტოკერები სახალისო ვიდეოებს იღებენ. გვიამბეთ ამაზე და შემდეგ თქვენს რეაქციაზე.
- დიახ, ბოლოს, ვეღარ ვმუშაობდი უკვე. ლანოს გაგონება აღარ მინდოდა. იმ ხალხის მესმოდა, ვინც ამბობს, რომ ვერ მიტანს (იცინის). ყოველთვის მაინტერესებდა, ვიდეო როგორ ტრენდდებოდა და ჩემს შემთხვვეაშიც მომხდარიყო ეს. როცა სამსახურისთვის ვიღებ ვიდეო რგოლს და პირობითად, ენა დამებმება, მეორედ არ ვიღებ. რა მოხდა, მომისმინონ, ადამიანები ვართ, გვეშლება. ჩემი ხაზი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბუნებრივია. პირველად ხომ არ ვმღერი? სულ ვმღერი. ეს რატომ „გავარდა“, გეტყვით: ძალიან მნიშვნელოვანია, შენს ვიდეოს ვინ გაატრენდებს. სელენას (ბუხაიძე) გულშემატკივარი ვარ შორიდან, ყოველთვის მომწონდა, კარგი ვიდეოები აქვს, მაგარ „ღადაობებს“ აკეთებს. ჩემს ვიდეოზეც გადაიღო და მისი დამსახურებაა, მადლობა მას ამისთვის.
@selena.bobo 😹❤️ #fakevideo #fakesituation #funnyvideos ♬ original sound - lanostilisti
ყველას დიდი მადლობა, ქორწილებში, ოჯახებში იღებდნენ, მშობლები, ბავშვები... ორი დღეა, სტრესი მაქვს. ბედნიერი ვარ, მოღუშული ერის გამხალისებელი გავხდი. ყველა იცინის. თქვენ უნდა ნახოთ, რა ხდება ჩემს სოცქსელებში, პირად შეტყობინებებში. ყველა მადლიერია. ჩემი ჰეითერები წერენ, ამ გოგოს ვერ ვიტანდი და როგორ მიყვარსო (იცინის).
@lanostilisti ♬ original sound - lanostilisti
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მე მანდ ძალიან ლამაზად, კულტურულად, წელგამართული, წელშეტეხილი ვზივარ, ასეთი ლამაზი ვიდეო არავის გადაუღია.
დავამატებ, რომ ის ფეხის აწევა ცილისწამებაა, თუმცა, ფეხის აწევა, კონკრეტულ ვიდეოებში, თავსაბანთან მაქვს ხასიათში, იმიტომ, რომ მე მანდ ვიღლები, კი უკულტურობაა, მაგრამ იმ დროს ვხუჭავ თვალებს და ფეხს ვასვენებ. ეს აქვთ ჩამატებული. ჩემს ხასიათში ზის (იცინის). მომხმარებელსაც ზუსტად ასე ვექაჩები თმაზე, მაგრამ სიყვარულით, მათ დიდ ემოციას ვაძლევ.
მუსიკაზე მინდა ვთქვა... არ ვიცი, საერთოდ ვინ მღერის, არის რაღაცები, რასაც ვერ ვიტყვი... ვერ ვიტყვი, ეს სიმღერა საიდან მოვიდა. ყველაზე მაგარი ის არის, რომ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის და ასე გამოვიდა. ადრესატმაც იცის ამის შინაარსი.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ურთულესი ყოფილა, ყოჩაღ იმ ინფლუენსერებს, რომლებიც ასე შრომობენ. საკუთარ ვიდეოზე ვცადეთ ტრენდის გადაღება და მოსწავლე ამიყირავდა, ლამის ფეხი მოიტეხა.
რა თქმა უნდა, მომხმარებელი გავაფრთხილე, რომ უნდა მემღერა, ამაზეც ბევრი წერს.
@lanostilisti ♬ original sound - lanostilisti
- საინტერესოა, რა ხდება პირადში?
- პირადი, ეს ისეთი რამ არის, რასაც საკუთარ თავთანაც არ განვიხილავ, ეს ძალიან ჩემია. ერთი რაღაც დავიტოვე, რაც სულ ჩემი უნდა იყოს.
- დაკავებულია თქვენი გული?
- ამაზეც ვერ გიპასუხებთ...
- ბოლოს რას დაამატებდით?
- ძალიან ბედნიერი ვარ - სულ ვიცინი, მიხარია, რომ არაფრის გამო, მოწმენდილ ცაზე, სულ ბედნიერი ვარ. დილით ვიღვიძებ, მიხარია, დაღლილზეც ვიცინი და ბედნიერი ვარ. მეზობლებსაც, რომელთაც არ ვიცნობ და უბრალოდ ლიფტში ვხვდები, სულ ჰგონიათ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ვარ. ფხიზელიც სულ ბედნიერი ვარ. ხალხს ვეტყვი, ნუ გგონიათ, რომ მე პრობლემები არ მაქვს, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. დილით ადექით და გაიცინეთ. ახლა ვიღაც იტყვის, რა ენაღვლება, აწყობილი აქვს ცხოვრება და ახლა ჩვენ მოგვიწოდებს, გავიცინოთ... არ ხდება ეგრე. ეს ცხოვრება რომ ამეწყო, ყველაზე მძიმე გზა გამოვიარე... გაერთეთ, ისიამოვნეთ ცხოვრებით და ყოველთვის მაგრად იქნებით.