1746726540
„პენსიის 400 ლარს ვურიცხავდით... 350 000 ლარი გამოგვძალა... - ოჯახი, რომელიც შვილის ყოლაზე ოცნებობდა, თაღლითობის მსხვერპლი გახდა

საქმე ეხება თაღლითობას — როგორ გამოსძალა ახალგაზრდა ქალმა დიდი ოდენობით თანხა ცოლ-ქმარს, რომელმაც სუროგაციის გზით ბავშვის ყოლა გადაწყვიტა.
საქმეზე ბრალდებულ ანჟელა კვარაცხელიას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა დაზარალებული ოჯახი, საქმის მთავარი მოწმე და მათი უფლებადამცველი.
„ჩვენ ვითხოვთ მაქსიმალურ სასჯელს — 9 წელს.
5 წლის განმავლობაში ეს ცოლ-ქმარი ბრალდებულს სრულად ენდობოდა. მან კი მათ მოტყუებით დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. დაჰპირდა, რომ სუროგაციის პროცესში დაეხმარებოდა. ცოლ-ქმარი დაიბარა, ნიმუშები ჩააბარებინა და უთხრა: „დანარჩენს მე მივხედავ“.
შემდგომ განაცხადა, რომ 10 ემბრიონი დაამზადა და სუროგატი დედა მოძებნა. თითქოს სუროგატი დაფეხმძიმდა, თუმცა რამდენჯერმე მუცელი მოეშალა.
თავდაპირველად ეუბნებოდა, რომ სუროგატის აყვანამდე აუცილებელი იყო გარკვეული კვლევების ჩატარება. ცალკე ურიცხავდნენ თანხებს ამ კვლევებისთვის, ცალკე — კვებისა და მედიკამენტებისთვის. ოჯახი თითქმის ყოველ 3-4 დღეში ერთხელ უგზავნიდა ფულს.
რადგან პროცესი დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ცოლი იტალიაში წავიდა, ქმარი — პოლონეთში. რასაც შოულობდნენ, საქართველოში გზავნიდნენ.
მას შემდეგ, რაც სამი სუროგაციის მცდელობა ჩაიშალა, ბრალდებულმა შესთავაზა ორი სუროგატის აყვანა ერთდროულად. ოჯახი ამ ეტაპზეც მთლიანად ჩაერთო თანხების მობილიზებაში.
მოგვიანებით უთხრა, რომ ბავშვები უკვე დაიბადნენ და ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. კვლავ ითხოვდა თანხებს — თითქოს თურქეთში მიდიოდა მედიკამენტების შესაძენად.
ბოლოს, როდესაც ცოლ-ქმარი საქართველოში ჩამოვიდა და ბავშვების ნახვა მოითხოვა, მათთვის ბავშვები არ უჩვენებია.
საბოლოოდ, ბრალდებულმა ოჯახს დაახლოებით 350 ათასი ლარი გამოსძალა. დაზარალებულებს სჯეროდათ, რომ ბავშვები მართლაც არსებობდნენ.
როგორც ვიცი, ბრალს აღიარებს. ამბობს, რომ პირველი სამი სუროგატი, რომელთაც თითქოს მუცელი მოეშალათ, რეალურები იყვნენ, თუმცა ბოლო ორი შემთხვევა თავად მოიგონა და შემდეგ ვეღარ შეძლო ტყუილის შეჩერება“, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.
ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ყველა გზით ცდილობდა შვილის ყოლას, დღეს ემოციურად ჰყვება, როგორ ურიცხავდა თაღლითს ფულს, მათ შორის — პენსიიდან გადადებულ თანხასაც.
„ის 2019-2020 წლიდან გვატყუებდა.
მუდმივად ვეხვეწებოდი: მაჩვენე ბავშვები-მეთქი. ბავშვების დედაც სპეციალურად ჩამოფრინდა საქართველოში, რათა შვილები ენახა. მთელი დღე საავადმყოფოსთან გააჩერა. ხან ერთ მიზეზს იგონებდა, ხან — მეორეს, მაგრამ ბავშვები მაინც არ აჩვენა.
ყველაფერი ტყუილი და ზღაპარი აღმოჩნდა. დედა მყავს 86 წლის. მისი 400-ლარიანი პენსიიდან თანხას ვდებდი და მასაც ვურიცხავდი. ყოველ კვირას 1800-2000 ლარს ითხოვდა.
ყველა გზა გადაგვიკეტა. გვეუბნებოდა, ინ ვიტრო ბავშვების ნახვა ასე მარტივად არ ხდება, საავადმყოფოში არ შეგიშვებენო.
პროკურორს ვუთხარი — ეს გოგო ფეხებით უნდა დაიკიდოს და ცეცხლი უნდა წაეკიდოს. იგივეს ვიტყვი სასამართლოშიც“, - ამბობს საქმის მთავარი მოწმე.