ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

საჭე

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.

გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.

ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.