ივანე ჩხაიძე მიმართვას ავრცელებს

ივანე ჩხაიძე

საფუძველი იმისა, რომ ჰანტავირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მითუმეტეს პანდემიის სახე.

„ვირუსს აქვს ორი განსხვავებული ფორმა. ერთს ეძახიან ძველი სამყაროს ვირუსს, რომელიც ძირითადად იწვევს თირკმელების დაზიანებას და ამის შემდეგ მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას ანუ სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადების განვითარებას და არის მეორე სახეობა ამ ვირუსის ე.წ. ახალი სამყაროს ვირუსი, რომელიც ფილტვების დაზიანებას იწვევს. ყველასთან, როგორც გარდაცვლილ და როგორც ახლა ინფიცირებულ პაციენტთან დაავადება დაიწყო გრიპის სიმპტომატიკით, თუმცა შემდეგ მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ვითარდება სუნთქვის დათრგუნვა, მწვავე უკმარისობა, ამას დაერთვება გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობაც და ძალიან მაღალი პროცენტით 30-60 %-მდე ვითარდება გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია. გაცილებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი დაავადების თირკმლის ფორმით მიმდინარე დროს. იქ მაქსიმუმ 30%-ია. გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე არის სწორედ ეს ფილტვის ფორმით მიმდინარე ვირუსი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს, არც ვაქცინაცია არსებობს. ამ ვირუსის გადამტანი ძირითადი გზა არის მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა.

ვირუსის ის ფორმა, რომელიც ახლაა უფრო მეტად ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული, მათ შორის სამხრეთ ამერიკაშიც. მეორე ფორმა კი აზიაშია გავრცელებული. რამდენად საქართველოშია ეს ვირუსი აღმოჩენილი, ვერ გეტყვით. ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს მის ენდემურ კერას, ამის ენდემური კერაა აზია და სამხრეთ ამერიკა. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ვირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ვინაიდან ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით. ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მით უმეტეს პანდემიის სახე“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.