გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოს თხილის სექტორისთვის ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული მხარდაჭერის პაკეტი განაახლა

txili

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში, საქართველოში თხილის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისთვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამა განაახლა, სურსათის უვნებლობის პრაქტიკების გაძლიერებისა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სექტორისთვის მხარდაჭერის უკვე განხორციელებულ პაკეტზე დაყრდნობით, ინიციატივა ფოკუსირებულია მოსავლის აღების შემდგომი მართვის პრაქტიკების გაუმჯობესებაზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის დროსაც არასწორმა შრობამ და შენახვამ შესაძლოა, აფლატოქსინით დაბინძურება გამოიწვიოს, რაც პროდუქტს ბაზრისთვის უვარგისს ხდის და მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს.

გრანტები გათვალისწინებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში თხილის მოქმედი მწარმოებლებისთვის, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარეს FAO-ს მხარდაჭერით ჩატარებული ტრენინგები თხილის წარმოების, სურსათის უვნებლობისა და მოსავლის აღების შემდგომი მართვის მიმართულებით.

ტექნიკური ცოდნის ფინანსურ მხარდაჭერასთან შერწყმით, პროგრამა ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, გაუმჯობესებული პრაქტიკები რეალურ ინვესტიციებად გარდაქმნან. შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც აუცილებელია მოსავლის აღების შემდგომი პროცესების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის.
FAO-ს დონორები ინვესტიციის ღირებულების 70 პროცენტს დაფარავს, ხოლო დარჩენილი წილის გადახდას ბენეფიციარები უზრუნველყოფენ.

თანამონაწილეობრივი გრანტი გაიცემა ფერმერებზე, რომლებიც ფლობენ 0.5-დან 30 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებულ თხილის ბაღებს, აქვთ იურიდიული სტატუსი და აკმაყოფილებენ დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს. ხელმისაწვდომი აღჭურვილობა მოიცავს თხილის ვერტიკალურ საშრობებს, დამხმარე სატრანსპორტო ლენტებს ან/და ვერტიკალურ ელევატორებს, უცხო სხეულების გამცლელებსა და თხილის გასარჩევ მაგიდებს. აღნიშნული აღჭურვილობა შერჩეულია შრობის პროცესის გაუმჯობესებისა და დაბინძურების რისკების შემცირების ხელშესაწყობად.

„ეს ინიციატივა ეფუძნება პროგრესს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით თხილის მწარმოებლებთან თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ. ფერმერებს, რომლებმაც უკვე გაიღრმავეს ცოდნა, ახლა ვაძლევთ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ პრაქტიკულ გადაწყვეტებში, რომლებიც აუმჯობესებს სურსათის უვნებლობას, ამცირებს მოსავლის აღების შემდგომ დანაკარგებს და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა FAO-ს ENPARD IV პროგრამის მენეჯერმა, გუიდო აგოსტინუჩიმ.

„ევროკავშირი ერთგულია ქართველი ფერმერების გაძლიერების მიზნისადმი, რათა მათ შეძლონ მაღალი ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება და მომხმარებელთა დაცვა ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნიკისა და მოსავლისშემდგომი მოწინავე პრაქტიკების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თხილის ექსპორტის მოცულობის 70% ევროკავშირზე მოდის, აღნიშნული ინვესტიციები აუცილებელია საქართველოს ბაზრის წილის შესანარჩუნებლად და ევროპაში მისი რეპუტაციის გასამყარებლად“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა, დენის რაისმა.

2025 წელს საქართველოს მასშტაბით თხილის 22-მა მწარმოებელმა მიიღო თანამონაწილეობრივი გრანტი, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს თანამედროვე დანადგარებში ინვესტირება და მოსავლის აღების შემდგომი პრაქტიკების გაუმჯობესება. ევროკავშირისა და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები ფერმერებს ეხმარება მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირებაში, პროდუქტის ბაზარზე რეალიზების გაუმჯობესებაში და შემოსავლის ზრდაში. საგრანტო შესაძლებლობისთვის განაცხადების მიღების განახლება კი მიზნად ისახავს მიღებული შედეგის გაუმჯობესებას და იმ ფერმერების მხარდაჭერას, რომლებსაც მიზნობრივი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.