ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, ფერმერებს სიმინდის მოსავალი სრულად შეუნარჩუნდათ

ფაროსანას საწინააღმდეგო  ღონისძიებების  შედეგად,  ფერმერებს  სიმინდის მოსავალი სრულად შეუნარჩუნდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარაში, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, ტერიტორიების თერმული ნისლით  დამუშავების  პარალელურად,  საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში.

„უმეტეს ნათესებში მოსავლის აღება დაწყებულია და მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს. რაც შეეხება საგვიანო ჯიშის ნათესებს, ღონისძიებები ინტენსიურად და ინსექტიციდების ლოდინის პერიოდის სრული დაცვით მიმდინარეობს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს  მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა  ნიკოლოზ მესხმა.

შეწამვლის სამუშაოები აქტიურად ტარდება  აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც  რვა ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით სიმინდის მასივები მთელი სოფლის პერიმეტრზე  ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება.

ღონისძიებების მიმდინარეობას და საყანე ფართობებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს  მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი,

ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ამ ეტაპისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით დამუშავებულია: ცივი შესხურებით - 74 ათას ჰა-მდე ტერიტორია (ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი, სოფლის პერიმეტრი, სიმინდის მასივი);  თერმული ნისლით -  215 270 ჰა ტერიტორია; განთავსებულია  7474  „მონიტორინგის ხაფანგი” და 152 117 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.