დიდ ბრიტანეთში კიბოს სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი დაამტკიცეს

კიბო

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) საკვერცხის კიბოს კიბოს სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი,  მირვეტუქსიმაბ სორავტანზინი დაამტკიცა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ამ დაავადების მკურნალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. პრეპარატი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთა სიმსივნე პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიის მიმართ რეზისტენტული გახდა.

მირვეტუქსიმაბ სორავტანზინი ე.წ. მიზანმიმართული მოქმედების თერაპიაა. ის სპეციალური ანტისხეულისა და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაციას წარმოადგენს. მედიკამენტი ამოიცნობს სიმსივნურ უჯრედებზე არსებულ ფოლატის რეცეპტორ ალფას (FRα) და სამკურნალო ნივთიერებას უშუალოდ დაზიანებულ უჯრედში ათავისუფლებს, რაც ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების რისკს ამცირებს.

საერთაშორისო კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელშიც ბრიტანეთის რვა სამედიცინო ცენტრი მონაწილეობდა, ახალმა თერაპიამ დაავადების პროგრესირება შეანელა და პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა. კვლევის ფარგლებში პაციენტები საშუალოდ 16.5 თვეს ცოცხლობდნენ, მაშინ როდესაც სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12.8 თვეს შეადგენდა.

მეცნიერების მონაცემებით, პაციენტების 37%-ში სიმსივნის ზომა მინიმუმ 30%-ით შემცირდა, მაშინ როცა ქიმიოთერაპიის ჯგუფში მსგავსი შედეგი მხოლოდ 16%-ში დაფიქსირდა.