ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის - საბა თავართქილაძე ძირკვაძეების საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებულია

ბოლო ზარი

ერთი მოსწავლის ბოლო ზარზე ძირკვაძეების საჯარო სკოლაში  ანუ  ერთი პატარა  სოფელი ვეებერთელა გულითა და სუფთა  ქართული მარიფათით... - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პოეტი მიხელ გელაძე წერს. 

„19  მაისს ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორმა  ქალბატონმა დონარი აბულაძემ სამი პოეტი ბათუმიდან (მზია თავართქილაძე, მიხეილ  გელაძე და გულო გაბაიძე) მიგვიწვია  თავისი სკოლის ბოლო ზარზე, რომელიც მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის - საბა თავართქილაძისთვის დაირეკა. ამ სოფელსა და სკოლაში ნამყოფი არ ვიყავი და სოფლისა და სკოლის ატმოსფეროში გატარებულმა ერთმა დღემ ჩემში არნახული შთაბეჭდილებები დატოვა.

სკოლის დირექტორი ეზოში შემოგვეგება. შენობაში შესვლისთანავე ჩვენი ყურადღება მიიპყრო არაჩვეულებრივი დიზაინითა და უმაღლესი გემოვნებით გაფორმებულმა შიდა ინტერიერმა. ვათვალიერებდი ყველა კუთხე-კუნჭულს და მეგონა ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზში ან მუზეუმში ხომ არ ვარ -მეთქი. თავი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეგონა, იმდენი ცოცხალი ყვავილი, იმდენი ხე-მცენარე, ისეთი ცოცხალი დეკორაციები, ისეთი მოხდენილი ფოტოსტენდები და გამოფენები, ისეთი მოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები, სანიმუშოდ გაწყობილი სველი წერტილები, ქალაქის სკოლებსაც რომ შეშურდებოდათ. კოხტად და ფაქიზად მოწყობილი საკლასო ოთახები, სისუფთავე და სიკოხტავე ხომ ენით აღუწერელი. ყველა პედაგოგი მოწოდების სიმაღლეზე, ერთ მუჭად შეკრული კოლექტივი და ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ამ ერთი მოსწავლის - საბა თავართქილაძის ბოლო ზარის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიალში არა მარტო კლასის ყოფილი ხელმძღვანელი სოფო შავაძე (სცენარის მომზადება),  ამჟამინდელი კლასის ხელმძღვანელი ლელა ძირკვაძე (თეატრალური კომპოზიციები), ასევე საბას მშობლები, ბაბუა-ბებია, ბიძა-ბიცოლა, აგრეთვე მთელი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ყველა მოსწავლე, მთელი სოფელი იყო ჩაბმული. დავათვალიერე სკოლის ყველა  კლასი, ყველა კაბინეტი, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, მძლეოსნობის დარბაზი, ბიბლიოთეკა, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ბიოლოგიის კაბინეტები, ერთი სიტყვით, აღფრთოვანებული და გაოცებული დავრჩი ნანახით. მოსწავლეთა ხელნაკეთი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ასეთი მოწესრიგებული, ასეთი სუფთა და დახვეწილი სტილით გაწყობილი სკოლა მე ქალაქშიც არ მინახავს. ერთადერთი ის ადარდებთ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც, რომ მცირე კონტინგენტი ჰყავთ. სოფელი დაცლის პირასაა. მე პედაგოგებს ანალოგიურ თემაზე დაწერილი ჩემი ლექსი „გუდამაყარი“ წავუკითხე და ვანუგეშე, რომ მალე მთას ისევ დაუბრუნდება ჩვენი ხალხი და ცხოვრება სოფლად აუცილებლად გაგრძელდება. ამ დღეებში თურმე სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებელს მიხეილ კოჩალიძეს ვაჟი შვილიშვილი  შეძენოდა და ტრადიციისამებრ მისი ოჯახი ცხელი ფაფით გაგვიმასპინძლდა, ყავაც დავლიეთ და საბას ბოლო ზარის სიმბოლური ტორტიც დავაგემოვნეთ, რომელიც მშობლებმა ბათუმიდან ამოუტანეს სკოლაში. 
ბოლო ზარის ღონისძიება სასოფლო კლუბში გაიმართა. საბა თავართქილაძეს იმოდენა სითბო და სიყვარული აგრძნობინეს, იმდენი ძვირფასი სიტყვა და საჩუქარი უძღვნეს, ისეთი  წუთები და წამები განაცდევინეს, მჯერა, მთელი ცხოვრება ემახსოვრება და არ დაავიწყდება. ისეთი ძლიერი ბიჭი ყოფილა საბა ამ სკოლაში, მთელი სკოლა ვერ ელეოდა, ნიჭიერი, ზრდილობიანი, აქტიური, მეგობრული, მუსიკოსი, სპორტსმენი მკლავჭიდელი (აჭარის ჩემპიონი ორივე მკლავით ასპარეზობაში). მომდევნო კლასების მოსწავლეებმა საბას შეუვსეს კლასის სიცარიელე გულსა და სულში, მას პრაქტიკულად მეორე სუნთქვა ჩაურთეს და ცეკვით, იუმორით, სიმღერითა და მუსიკით გააცილეს. მზია თავართქილაძემ და მე საბას ჩვენი ლექსების კრებულები ვაჩუქეთ, დავლოცეთ და შემდგომი წარმატებები ვუსურვეთ.

საბას მუსიკალური ოჯახი ჰყოლია, დედამ და დამ ფანდურზე საბას და დამსწრეთ შესანიშნავი სიმღერები უმღერეს, კლასის ხელმძღვანელის - ლელას თეატრალურმა კომპოზიციებმა ხომ  დარბაზი ემოციით აავსო, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის პირადად თვით საბას სიმღერა  „ღარიბი ბიჭი ვიყავი“  აღმოჩნდა და მე მას ვუთხარი: „საბა, დღევანდელი დღე ჩვენს ამოსვლად მარტო იმადაც ღირდა, რომ ჩვენ შენი სიმღერა მოვისმინეთ და მოვიხიბლეთ, ძალიან, ძალიან მოგვეწონა, შენ ისეთი მუსიკალური ნიჭი გქონია, „ნიჭიერის“ პროექტშიც წარმატებას მიაღწევდი და კიდევ ერთი - შენი სკოლის ბოლო ზარი დასტურია იმისა, რომ  შენ არსად და არასდროს მარტო არ იქნები, როცა კლასის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, ყველა მასწავლებელი და ყველა კლასის მოსწავლე, მთელი სოფელი შენდამი ამოდენა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, ამაზე დიდი სიმდიდრე შენთვის არაფერი იქნება, შენ არასდროს იქნები ღარიბი, პირიქით, შენ ყველაზე მდიდარი ბიჭი ხარ, შენ არა მარტო ბაბანურის, საფილეთის ან არგინეთის მთები, არამედ  მთელი აჭარის მთები მხრებით მოგაქვს და ჩვენ ტაშით გაცილებთ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, უმაღლეს სასწავლებელში, შენ ხარ  დღეს ხულოს სახე და მჯერა, ჩემს ხულოს ვარსკვლავად მბრწყინავ ვაჟკაცად დაუბრუნდები“- მეთქი.

ძირკვაძეების სკოლას ფოტოსესიით გამოვემშვიდობეთ,  კვლავაც  წინსვლა-წარმატებები ვუსურვეთ. ცამდე მადლობა ქალბატონო დონარი, სანიმუშო სკოლის სანიმუშო დირექტორო! დაე, უსასრულოდ რეკდეს თქვენს სკოლაში ზარი და ბავშვებს ვერ იტევდეს საკლასო ოთახები! დაე, არასდროს გადასძახოს თქვენმა სოფელმა უჩხოს,  ოქრუაშვილებს, ქედლებს თუ სხვა სოფელთ - „დაილიე თუ ხარაო?“ ამინ!“, - წერს მიხეილ გელაძე.