რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა
1751641039
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე ონისე ცხადაძემ მამის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მამის გარდაცვალებას მისი დაკავებით გამოწვეულ ნეევიულობას უკავშირებს.
„სიკვდილის შიში დიდი ხანია, დამარცხებული მაქვს. ამის გამო თავს ვერ დავხრი, ვერავის შევეხვეწები, აქედან გამიშვით-მეთქი. ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მიხედეთ. სამი თაობა შემიძლია, მოგიყვანოთ იმ ასაკში, რა ასაკშიც მამა გარდაიცვალა. არავინ გარდაცვლილა ამ ასაკში. ჩემი დაკავებისას პირველად დავინახე, გულზე ხელი რომ ედო. ეს დღეებია ვფიქრობ, სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. მახსენდება ფილმი სერიული მკვლელი. მანიაკობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. არ ვაპირებ, არ გაპატიოთ, თუმცა მოვა დრო, იმ დამხმარე ბიჭიდან დაწყებული, გვერდზე რომ გიზით, სამართლებრივად ყველას მოეთხოვება პასუხი იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ და მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ. ციხეში რომ იგებ, როდესაც ჭიშკართან მკვდარს პოულობენ მამას. თქვენ რამე ისეთი გრძნობა არ გაქვთ? ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო. მითხრეს თქვენი პირადი თანადგომის შესახებ. მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ ეს დავიმსახურე. ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა. მე ხვალ უარესებსაც ველოდები“, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ონისე ცხადაძეს მიმართა და განაცხადა, რომ ესმის მისი და ამიტომაც მისცა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლება.
ამასთან, ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ სხდომაზე ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ წევრების სიტყვით გამოსვლებთან დაკავშირებით.
ჭიჭინაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ და საუბრობენ, თითქოს პოლიციელებს წვავდნენ და ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“.
ანდრო ჭიჭინაძის თქმით, მსგავს განცხადებებს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.
„ისტორიული წარსულიდან მინდა მაგალითის მოყვანა. ნაცისტურ გერმანიაში ფიურერის გაკრიტიკება არ შეიძლებოდა. ლოგინში ცოლს ქმარმა ფიურერზე აზრი გაუზიარა, შემდგომ მათ იჩხუბეს და ცოლმა დააბეზღა ქმარი, ეს კაცი დაიჭირეს. პროკურატურა ფიურერის საჯარო კრიტიკას ედავებოდა. აბრურდია, ხომ? ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა მისულიყო იქ, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა, ეს აზრი სხვაგანაც განვითარებულიყო და სიკვდილით უნდა დასჯილიყო ეს კაცი. საერთოს ვხედავ დღევანდელობასა და იმ წარსულს შორის, რა მაგალითიც მოვიყვანე. ნაცისტებმა ომი წააგეს და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.