სილის გულისთვის, განაჩენით დადგენილი, 2 წელი თავისუფლების აღკვეთა ქართულ სასამართლო სისტემაში არ არსებობს - მაია მწარიაშვილი

მაია მწარიაშვილი

მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

მოსამართლემ ბრალი კვალიფიცირდა - პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, მოსამართლემ კი, ის დამნაშავედ ცნო მუხლით, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. ეს სასჯელის სახედ ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართოს.

სხდომის პარალელურად, "ბათუმის" საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი იყვნენ დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

ჟურნალისტი იანვარში საპროტესტო აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის - ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, ქართულ სასამართლო სისტემაში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც სილის გაწვნისთვის ადამიანისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"ეს არის ერთ-ერთი ეტაპი სამართლიანობისკენ. ეს კვალიფიკაცია და სასჯელი ისეთივე უკანონოა, როგორც იყო 353-ე პრიმა, ანუ სილის გულისთვის 2 წელი თავისუფლების აღკვეთა განაჩენით დადგენილი ქართულ სასამართლო სისტემაში არ არსებობს", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ მზია ამაღლობელის უდანაშაულობა აპელაციის ეტაპზე დადასტურდება.

"იმედი მაქვს, აპელაციის ეტაპზე, მზიას უდანაშაულობა ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება. შეუძლებელია, რომ სილის გაწვნის გამო ადამიანს თავდასხმას ედავებოდნენ", - განაცხადა ეთერ თურაძემ.