1755099291
დაკავებულია 34 წლის ქალი - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ქალია დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.