დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - სამივე ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

დაკავება

კარის დახურვამდე "კურიერს" დაუდასტურეს, რომ პოლიცია მათ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული. მიზეზი ნარკოდანაშაულის ფაქტია.

საპოლიციო ღონისძიება ფონიჭალის დასახლებაში ჩატარდა, იაკობ ცურტაველის ქუჩაზე. ამ სახლიდან ხელბორკილებით 38 წლის მარიკ ალიევი გამოიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ჩხრეკისას პოლიციამ დაფასოებული მეთადონი და მარიხუანა ამოიღო.

ფონიჭალის პარალელურად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება რუსთავშიც მიმდინარეობდა. დაკავებულია 56 წლის მამაკაცი. კურიერის ინფორმაციით, მისი ნაქირავები ბინიდან პოლიციამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მეთადონი ამოიღო. ნარკოტიკი ამოღებულია პირადი ჩხრეკის დროსაც.

ადგილობრივების თქმით, 56 წლის მამაკაცი ციხიდან ახალი გამოსული იყო და მეზობლებთანაც იშვიათად კონტაქტობდა.

ადვოკატის თქმით, 56 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულს აღიარებს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ახალგაზრდა ქალიც. მას ბრალად ნარკოტიკების რეალიზაციის ხელშეწყობა ედება.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამ კადრებით დასტურდება, რომ 24 წლის ქალი ე.წ. „დამდები“ იყო. კლიენტს ნარკოტიკს კონკრეტულ ადგილებში უტოვებდა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამალავებში მას ალფა-PVP ჰქონდა დადებული.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამივე დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების პროცესი გრძელდება.