„ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა" - პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით 26 წლამდე მამაკაცი დააკავა

პოლიცია

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1997 წელს დაბადებული ა.ბ.-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიღებული დაზიანებებით ა.ბ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.